პრეზიდენტი პარლამენტში რატომ მოდის? იმიტომ, რომ აქვს რადიკალური ოპოზიციის იმედი, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„როგორ ფიქრობთ, ხვალ რატომ მოდის პრეზიდენტი პარლამენტში და საკონსტიტუციო სასამართლოში რატომ არ მოვიდა? იმიტომ არ მოვიდა, რომ იცოდა, კონსტიტუცია დარღვეული ჰქონდა და არ უნდოდა, იმ პროცესის მონაწილე გამხდარიყო, როდესაც ეტყოდნენ – შენ კონსტიტუცია დაარღვიე. პარლამენტში რატომ მოდის? იმიტომ, რომ აქვს რადიკალური ოპოზიციის იმედი, არსებობს შესაბამისი კოორდინაცია და აქვს იმედი, რომ ეს მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტით არ დამთავრდება. ამ პროცესში ყველაფრის ლუსტრაცია ხდება“, – განაცხადა კახიანმა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს არ აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, რადგან ცხადია, პრეზიდენტსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის კოორდინაცია არსებობს.

„კოორდინაცია რომ არ არსებობდეს, პრეზიდენტი არც დაარღვევდა კონსტიტუციას. მას აქვს იმის იმედი, რომ რადიკალური ნაწილი მხარს არ დაუჭერს მის იმპიჩმენტს, თორემ სხვა, რა ახსნა შეიძლება, ამას ჰქონდეს?“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.