პრეზიდენტი: ქართული ღვინო მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილია და იაპონელებმა ამის ფასი კარგად იციან

საქართველოს პრეზიდენტმა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო სადილზე უმასპინძლა ტურიზმისა და ღვინის სექტორების წარმომადგენლებს.

წამყვანი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებს სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო და ქართული ღვინის ისტორიასა და უნიკალურობაზე ისაუბრა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო ძველი ცივილიზაციის ქვეყანაა, გამორჩეული, მრავალფეროვანი ბუნებით, ტურისტებისთვის მიმზიდველია თავისი ტრადიციული და თანამედროვე კულტურით, განსაკუთრებული გასტრონომიული მრავალფეროვნებითა და ქართული ღვინით, რომელიც გამორჩეულია მსოფლიოში.

,,ქართული ღვინო თავისი დახვეწილი გემოთი იაპონური ბაზრის ინტერესს ნამდვილად გამოიწვევს, თან ღვინო ცივილიზაციის ნაწილია და იაპონელებმა ამის ფასი კარგად იციან”,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

იაპონიის ტურისტულ კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტის ტადაში შიმურას განცხადებით, საქართველოში ტურიზმის მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია, მათ შორის ბუნება, კულტურა, კლიმატი და ტრადიციული სამზარეულო.

,,ჩემი აზრით, საქართველოს ყველაფერი აქვს, თუმცა უნდა გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა იაპონიაში.

გასულ წელს ჩვენ გვქონდა საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის ღონისძიება.

ამ ხედვიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პოლულარიზაციას და იაპონია-საქართველოს შორის ტურისტულ ურთიერთობებს”, – აღნიშნა იაპონიის ტურისტულ კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტმა.

ღვინის ექსპერტი, კენინი ოოჰაში, რომელიც პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, აცხადებს, რომ იაპონია დაინტერესებულია გაამდიდროს საკუთარი ბაზარი ქართული ღვინით.

,,იაპონია აბრეშუმის გზის ბოლო წერტილია, საქართველო კი, საწყისი ადგილი, რომელსაც უზარმაზარი ისტორია აქვს.

ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ამ ისტორიას, რომლის ნაწილიცაა ,,იუნესკოს” მიერ აღიარებული ქართული ღვინო.

იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის იაპონიაში ვიზიტი ძალიან ძლიერი, წამახალისებელი მოვლენა იქნება ჩვენი ბაზრების გასაფართოებლად”,- განაცხადა კენინი ოოჰაშიმ.

პრეზიდენტმა სადილზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა და ქართული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად