პრეზიდენტი: პირველად კაცობრიობის ისტორიაში, მსოფლიო გაჩერდა და იძულებული გავხდით, დავფიქრებულიყავით, როგორ იქნება მსოფლიო

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნა.

“ვესაუბრე 40-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურს, გაეროს, ევროკავშირის, ნატოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს. მათ ერთხმად აღიარეს ჩვენ მიერ კრიზისის სამაგალითო მართვა. ამის შედეგია მიღებული ფინანსური დახმარება და პოლიტიკური მხარდაჭერა.

თუმცა, ამ წარმატებამ არ უნდა მოგვადუნოს. ჩვენ, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, შევდივართ მეორე, და შეიძლება ითქვას – უფრო რთულ ფაზაში.
პირველ რიგში, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დაავადება დამარცხებული არ არის. ახლა დაგვჭირდება ახალი ბალანსის პოვნა სიფრთხილესა და თავისუფლებას შორის. დარჩენილი შეზღუდვების მოხსნისთანავე შეიქმნება განწყობა, რომ საფრთხე გადავაგორეთ. ეს ასე არაა. აწი ჩვენზე – ინდივიდუალურად და კოლექტიურად – იქნება დამოკიდებული, როგორ შევინარჩუნებთ მიღწეულ შედეგს და დავიცავთ თავს ახალი აფეთქებისა თუ მეორე ტალღისგან.
ასევე, უნდა მოვემზადოთ ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად და გვახსოვდეს, რომ ეს მოითხოვს გამძლეობას, მოთმინებას და უფრო მეტ სოლიდარობას. ესეც ბრძოლის ნაწილია, რომელშიც ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი. ამ შემთხვევაში დაპირისპირება და პოლარიზაცია ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს და იგი ხელს შეუშლის ენერგიის მობილიზებას. ვინც ამ დროს ექიმების მიმართ უნდობლობის გაჩენას, აუცილებელი ზომების ეჭვქვეშ დაყენებას და ხელოვნური მიზეზებით არეულობის გამოწვევას ცდილობს, ის ქვეყნის წარმატებას და, მაშასადამე, მის გადარჩენას ებრძვის. ასეთი მასშტაბის კრიზისების დროს აუცილებელია გარკვეული დონის პოლიტიკური კონსოლიდაცია.
ისიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთ კრიზისში საზოგადოების დაუცველ ფენებს სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, რადგან ასეთ დროს ისინი ყველაზე მეტად ზარალდებიან.

ჩვენი წარმატება ამ პირველ ბრძოლაში გვიხსნის ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გლობალურ გამოწვევასთან ომში ცალ-ცალკე ვერავინ მოიპოვებს საბოლოო გამარჯვებას.
პირველად კაცობრიობის ისტორიაში, მსოფლიო გაჩერდა და იძულებული გავხდით, დავფიქრებულიყავით, როგორ იქნება მსოფლიო ამ გაჩერების შემდეგ და ჩვენ რა ადგილს დავიკავებთ ახალ მსოფლიოში. ამის გააზრება ყველასგან მოითხოვს არჩევანის გაკეთებას ეგოიზმსა და სოლიდარობას შორის; დაპირისპირებასა და თანამშრომლობას შორის; კონფლიქტსა და მშვიდობიან გზას შორის.
ხვალინდელ მსოფლიოში ჩვენ ჩვენი – თუნდაც პატარა, მაგრამ ღირსეული ადგილი შეგვიძლია დავიკავოთ. ეს ნიშნავს ჩვენი პოტენციალის გადააზრებას და საზოგადოებისა და ეკონომიკის სწორი მიმართულებით წარმართვას. ეს ახალი მიმართულებები უკვე იკვეთება: ტურიზმის გადარჩენასთან ერთად, ესაა სოფლის მეურნეობის წამოწევა, ტრადიციული წარმოების აღდგენა და მსოფლიო გეოეკონომიკაში ახალი ინდუსტრიული ნიშების დაკავება. ყოველივე ეს ეფუძნება პროფესიონალიზმს, რომელიც ხვალინდელი დღის გასაღებია”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად