პრეზიდენტი: ფრანგული გემის შემოსვლით ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში საფრანგეთის ეროვნულ სამხედრო-საპატრულო ხომალდს, “კომანდან ბირო” ეწვია, რომელიც ბათუმს თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში ესტუმრა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხომალდი დაათვალიერა და საზეიმო მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა:

,,ბათუმში საფრანგეთის ხომალდის შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია და მიანიშნებს იმაზე, თუ რა დანიშნულებას იღებს შავი ზღვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის. ბათუმში შემოდიან ასევე, ნატოს წევრი ქვეყნების ხომალდები, მათ შორის თურქული, იტალიური, ჰოლანდიური და ამერიკული. შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსა და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროზე არიან განლაგებულნი, არამედ აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გლობალური საკითხი ნატოში ერთ-ერთი პრიორიტეტია.

საქართველოსა და საფრანგეთს მჭიდრო ურთიერთობები აქვთ. ამის ერთ-ერთი ნიშანი იყო ამ წლის დასაწყისში ჩემი ვიზიტი საფრანგეთში. ფრანგული გემის შემოსვლით ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. საფრანგეთსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა სრულყოფილია და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება ყველა მიმართულებით.

საფრანგეთი მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად