პრეზიდენტი: ორბელიანების სასახლეში განთავსებული ავეჯი, ნახატები, სხვა ექსპონატები ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის საგანძურია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  „ელჩების კონფერენციის“ მონაწილე ქართველ დიპლომატებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა, სადაც სიტყვით მიმართა სტუმრებს და ის პერიოდი გაიხსენა, როცა დიპლომატის რანგში მუშაობდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეძლევა საშუალება, აქ გიმასპინძლოთ. ვამაყობ, რომ თავის დროზე მე თქვენი კოლეგა ვიყავი და დიპლომატიის პროფესიას ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი დავუთმე. დღესაც მივიჩნევ, რომ ეს ჩემი პროფესიაცაა და პრეზიდენტის რანგში ჩემი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ქვეყნის გარეთ მისი წარდგენა, მისი ინტერესების დაცვა, გატარებაა, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად. ვამაყობ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც ვიყავი იმ პერიოდში, როცა შევუდექით ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყველაზე აქტიურ ფაზას. ვამაყობ, რომ ყველამ ერთად მივაღწიეთ ერთ-ერთ მთავარ შედეგს, რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანას საქართველოდან, თუმცა ეს ისევ გასაკეთებელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ამაყობს, რომ მაშინ დაარსდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის დიპლომატიის დღე, ასევე პირველი ამბასადორიალი და სასიხარულოა, რომ ეს მყარ ტრადიციად იქცა.

„სწორედ ეს ტრადიცია გვაძლევს დღეს ამ შეხვედრის საშუალებას. მიხარია ისიც, რომ მაქვს დიდი პატივი, გიმასპინძლოთ დღეს გაცოცხლებულ ორბელიანების სასახლეში, რომელსაც, თუ ინებებთ, დაათვალიერებთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული მეხსიერების განუყოფელი ნაწილი.  ჩვენს ტრადიციებს ინახავს ეს სასახლე. აქ ცხოვრობდა ერთ-ერთი გამოჩენილი და უკანასკნელი არისტოკრატიული ოჯახი ორბელიანებისა, ოჯახი, რომელიც ჩართული იყო საქართველოს დამოუკიდებლობისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევაში, ეს იქნებოდა უნივერსიტეტის დაარსება, თუ სხვა კულტურული ღონისძიებები, პირველ რიგში, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანი ფრანგულად და ინგლისურად. ის იყო ხიდი ქართულ და ევროპულ კულტურებს შორის. მათი განდევნა ამ სასახლიდან და ოჯახის უფროსის დახვრეტა ჩვენი დამოუკიდებლობის გაუქმებას მოჰყვა. შემდეგ  ამ სასახლეში განთავსდა საბჭოთა პერიოდის პროპაგანდისტული ორგანიზაცია, რომელიც ემიგრაციაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვებას ემსახურებოდა და ემიგრაციაში დამოუკიდებლობის იდეის მოსპობას ცდილობდა. ეს მცდელობა ამაო იყო, რადგან მესამე პერიოდი სწორედ დამოუკიდებლობის აღდგენას უკავშირდება, როცა აქ დაფუძნდა შეერთებული შტატების პირველი საელჩო საქართველოში და დაიწყო ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშიანო კურსის ახალი ეტაპი. ეს სასახლე და მასში განთავსებული ოჯახებში მოძიებული ავეჯი, ნახატები და სხვა ექსპონატები არც ჩემი და არც რომელიმე ხელისუფლების საკუთრება არ არის, ეს ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის საერთო საგანძურია“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად