პრეზიდენტი: მოგესალმებით, არა როგორც პროევროპული, არამედ ამაყი ევროპელი ერის პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს მიეძღვნა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ამბიცია ევროკავშირის წევრობაა და საქართველო არასდროს აარიდებს თავს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს.

“მოგესალმებით საქართველოში რიგით მე-16 კონფერენციაზე სახელწოდებით „საქართველოს ევროპული გზა”. აღნიშნული კონფერენცია განახლებულ მნიშვნელობას იძენს გამორჩეულად მაღალი დონის წარმომადგენლობის გამო, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს.

თუმცა, ასევე იმიტომაც რომ ის ევროკავშირისა და საქართველოსთვის გადამწყვეტ დროს ტარდება – პარტნიორობის წარმატებული ათწლეულის შემდეგ, დრო მოვიდა ჩვენს ურთიერთობაში ახალი მიმართულება დავსახოთ.

მოგესალმებით, არა როგორც პროევროპული, არამედ ამაყი ევროპელი ერის პრეზიდენტი. ქვეყანა, რომლის კულტურა და ცივილიზაცია მკაფიოდ ევროპულია: მედეას სამშობლო უძველეს მითოლოგიაში; ღვინის წარმოების აკვანი; ქრისტიანი ერი ახ. წ. მე-4 საუკუნიდან. ქვეყანა, რომელმაც დასაბამი მისცა ქალთა უფლებებს ახ. წ. მე-12 საუკუნეში ქალი მეფის მმართველობით და 1918 წლის პირველ საპარლამენტო არჩევნებში ქალებისათვის ხმის მიცემის უფლების მინიჭებით.

ბუნებრივია, რომ ქვეყანას ახლა ქალი პრეზიდენტი ჰყავს. ჩვენი ღირებულებები, კულტურა და ისტორია ევროპულია.

ჩვენი პოლიტიკა ევროპულია: ჩვენი მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს. ეს მხარდაჭერა ურყევია ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში, ცვლილებებისა და ევროსკეპტიციზმის გარეშე.”,-განაცხადა პრეზიდენტმა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად