პრეზიდენტი: იმედი მაქვს, დავხვეწავთ პოლიტიკურ ენას და ქართული ზრდილობის ენასაც და წესსაც დავიბრუნებთ

ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენრმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, 20-21 ივლისის მოვლენები.

“იწყება საარჩევნო წელი, რომელიც უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი, დემოკრატიის გამყარების და წინსვლის მაგალითი. მაქვს მოლოდინი, რომ ბოლო პერიოდში საარჩევნო სისტემის დახვეწისკენ გადადგმული ნაბიჯებიც საბოლოოდ გამყარდება და აისახება კონსტიტუციაში. მაქვს იმედი, რომ ჩვენ დავხვეწავთ პოლიტიკურ ენას და გამოხატვის უფლებასთან ერთად რომელიც უთუოდ უნდა იყოს ბოლომდე დაცული, მოვნახავთ გზებს რათა ქართული ზრდილობის ენაც და წესიც დავიბრუნოთ.
არ მინდა ეს სიტყვა ისე დავასრულო, რომ არ გამოვხატო ჩემი პატივისცემა ყველა იმ ადამინის მიმართ ვინც წარსულში ქმნიდა საქართველოს სამართლის ძეგლებს და ამით ჩვენს სახელმწიფოს აშენებდნენ. ვინც პირველ კონსტიტუციას აყალიბებდა, როგორც ჩვენი წინაპრები (19)21 წელს, ასევე მინდა აქ გავიხსენო, მაშინ ცნობილი, დღეს ნაკლებად ცნობილი კონსტიტუციონალისტი და იურისტი, მიხეილ მუსხელიშვილი, რომელიც აყალიბებდა პირველ ევროპულ კონსტიტუციის ვერსიას, მართალია ფედერალური და ეს არ იქნა შენარჩუნებული, მაგრამ ჩვენ უნდა ვამაყობდეთ ასეთი ადამიანებით.
მინდა ასევე, პატივი ვცე ყველა დღეს, აქ მოსულ კონსტიტუციონალისტები ვინც არიან, მათ ძალიან დიდი წვლილი ეკუთვნით ჩვენი კონსტიტუციის (19)95 წლის და შემდგომ, ყველა ცვლილებების შექმნაში და ჩამოყალიბებაში და ეს არის ძალიან დიდი საქმე იმიტომ, რომ ჩვენ კონსტიტუციიდან, კონსტიტუციაზე მივდივართ წინ, ვაყალიბებთ ახალ უფლებებს ამ კონსტიტუციაში, სოციალურ უფლებებს, ადამინის უფლებებს და ვართ ამ კუთხით ასევე პროგრესული და ევროპელი ქვეყნებთა შორის ვიწერებით ამ მიზნით.
კანონის უზენაესობა, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი პრინციპი არის ასეთი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისათვის და ჩვენი ქვეყნისთვის სწორედ თქვენზე დგას. ასევე ბოლოს, მაგრამ ასევე იქნებოდა თავში, უნდა გახსენოთ თქვენ – საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარევ და ყველა წევრებო, რომლებსაც გაკისრიათ უდიდესი როლი და პასუხისმგებლობა კონსტიტუციის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფაში.
ჩვენ ყველამ ერთად შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი კონსტიტუციით. ამ კონსტიტუციის საფუძველზე გვეძლევა საშუალება და პასუხისმგებლობა იმისა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო სადაც უფლება, თავისუფლება, და პასუხისმგებლობა იქნება თანაბრად მნიშვნელოვანი პრინციპები თითოეული მოქალაქისთვის” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...