პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, საქართველოში ქალთა კონფერენცია ჩატარდეს, რომელიც რეგიონში არსებულ ყველა კონფლიქტისა და მათი მშვიდობიანი გადაჭრის გზებზე იმსჯელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ენ ლინდეს შეხვდა.

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, შვედეთის ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველომ ქალი ლიდერების მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლოს, რომელიც რეგიონში არსებულ ყველა კონფლიქტზე და მათი მშვიდობიანი გადაჭრის გზებზე იმსჯელებს. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე მიესალმა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას და ამ ინიციატივის განხორციელებაში აქტიური ჩართულობის მზაობა გამოხატა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რეგიონში არსებული მდგომარეობა, რეგიონში ევროკავშირისა და ეუთოს როლის გაძლიერების მნიშვნელობა და საქართველოს საარჩევნო სისტემა.

ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში საოკუპაციო ძალების მხრიდან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან ადამიანების გახშირებულ გატაცებებსა და კონკრეტულად, ზაზა გახელაძის დაკავების შემთხვევას.

პრეზიდენტმა მოუწოდა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა და ფორმატი მაღალ პოლიტიკურ დონეზე ოკუპაციის საკითხზე სასაუბროდ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაძლიერების მნიშვნელობაზე და საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, რომ ეუთო და შვედეთი აქტიურად ჩაერთონ ფორმატის გაძლიერებისა და მისი ეფექტიანობის გაზრდაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...