პრეზიდენტი: 26 მაისი ერთიანობისა და ერთობით მიღწეული გამარჯვებების სიმბოლოა – გაუმარჯოს საქართველოს!

26 მაისი ერთიანობისა და ერთობით მიღწეული გამარჯვებების სიმბოლოა. ამ ერთიანობის შედეგია ჩვენი დამოუკიდებლობა. დღეს, ისე, როგორც არასდროს, საკუთარი შესაძლებლობებისა და მომავლის რწმენა გვჭირდება. ამ რწმენით უნდა შევიდეთ ახალ მსოფლიოში და ამ რწმენით დავხვდეთ ყველა გამოწვევას. – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნა.

“გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
დღეს უჩვეულო 26 მაისია, – საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, თავდაცვის ძალებთან ერთად, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში. ეს გამოწვეულია იმ განსაკუთრებული კრიზისული გარემოებებით, რომელშიც ჯერ კიდევ ვიმყოფებით.
ამ ვითარების მიუხედავად, ჩვენი აქ მოსვლით და თავდაცვის ძალებთან დგომით გამოვხატავთ ამ დღის მნიშვნელობას საქართველოსთვის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და, მათთან ერთად – შეკრული და ძლიერი საზოგადოება.
დღევანდელი ურთულესი კრიზისის დროს ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოს მისცა გამძლეობისა და წარმატების მაგალითი. ეს, უდავოდ, ჩვენი – ყველას გამარჯვებაა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ომი არ დასრულებულა და ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში ყოფნას ვაგრძელებთ.
როცა მიღწეულ წარმატებაზე ვმსჯელობთ, ყველაზე ნათლად ჩანს, თუ რა როლი ითამაშა მასში პროფესიონალიზმმა. ერთი მხრივ, მთავრობამ დროულად და ეფექტიანად აამოქმედა მართვის ყველა ბერკეტი; მეორე მხრივ – ეპიდემიოლოგებმა და მედიკოსებმა სწორად დასახეს დაავადებასთან ბრძოლის სტრატეგია. ჩვენმა ჯარისკაცებმა, ყველგან, სადაც საჭირო იყო, მაღალ დონეზე შეასრულეს თავიანთი მოვალეობა, და, რაც მთავარია, საზოგადოებამ გამოავლინა თავისი სიმწიფე და ქვეყნისა და მოყვასის სიყვარული.
სწორედ პროფესიონალიზმმა განაპირობა საზოგადოების მხრიდან ნდობის გამოცხადება და ეს გახდა პირველი წარმატების საფუძველიც.
ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები. ადამიანის უფლებების შეზღუდვა, რომელიც თავისთავად ახასიათებს საგანგებო მდგომარეობას, ჩვენს შემთხვევაში მინიმუმამდე იქნა დაყვანილი: გადაადგილების უფლება შეიზღუდა მხოლოდ ნაწილობრივად და სადაც აუცილებელი იყო.
არ გამოცხადებულა სრული კარანტინი; არ შეზღუდულა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, არც – აღმსარებლობის თავისუფლება. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ უპირველესი მნიშვნელობა მივანიჭეთ ადამიანის სიცოცხლეს. თვით საგანგებო მდგომარეობა დროულად გაუქმდა და ამდენად, შეთანხმებისამებრ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ჩატარება არ დაგვიანდება. სწორედ ეს მიდგომები განასხვავებს დემოკრატიულ ქვეყნებს ავტორიტარულისგან. ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ ამით, და იმით, რომ საზოგადოებამ ბოლომდე გაითავისა შეზღუდვების აუცილებლობა და მოწოდების სიმაღლეზე დადგა. ასეთი დამოკიდებულება განვითარებული საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი.
ყოველივე ამის შედეგია ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ პარტნიორებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა. ვესაუბრე 40-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურს, გაეროს, ევროკავშირის, ნატოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს. მათ ერთხმად აღიარეს ჩვენ მიერ კრიზისის სამაგალითო მართვა. ამის შედეგია მიღებული ფინანსური დახმარება და პოლიტიკური მხარდაჭერა.

თუმცა, ამ წარმატებამ არ უნდა მოგვადუნოს. ჩვენ, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, შევდივართ მეორე, და შეიძლება ითქვას – უფრო რთულ ფაზაში.
პირველ რიგში, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დაავადება დამარცხებული არ არის. ახლა დაგვჭირდება ახალი ბალანსის პოვნა სიფრთხილესა და თავისუფლებას შორის. დარჩენილი შეზღუდვების მოხსნისთანავე შეიქმნება განწყობა, რომ საფრთხე გადავაგორეთ. ეს ასე არაა. აწი ჩვენზე – ინდივიდუალურად და კოლექტიურად – იქნება დამოკიდებული, როგორ შევინარჩუნებთ მიღწეულ შედეგს და დავიცავთ თავს ახალი აფეთქებისა თუ მეორე ტალღისგან.
ასევე, უნდა მოვემზადოთ ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად და გვახსოვდეს, რომ ეს მოითხოვს გამძლეობას, მოთმინებას და უფრო მეტ სოლიდარობას. ესეც ბრძოლის ნაწილია, რომელშიც ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი. ამ შემთხვევაში დაპირისპირება და პოლარიზაცია ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს და იგი ხელს შეუშლის ენერგიის მობილიზებას. ვინც ამ დროს ექიმების მიმართ უნდობლობის გაჩენას, აუცილებელი ზომების ეჭვქვეშ დაყენებას და ხელოვნური მიზეზებით არეულობის გამოწვევას ცდილობს, ის ქვეყნის წარმატებას და, მაშასადამე, მის გადარჩენას ებრძვის. ასეთი მასშტაბის კრიზისების დროს აუცილებელია გარკვეული დონის პოლიტიკური კონსოლიდაცია.
ისიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთ კრიზისში საზოგადოების დაუცველ ფენებს სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, რადგან ასეთ დროს ისინი ყველაზე მეტად ზარალდებიან.

ჩვენი წარმატება ამ პირველ ბრძოლაში გვიხსნის ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გლობალურ გამოწვევასთან ომში ცალ-ცალკე ვერავინ მოიპოვებს საბოლოო გამარჯვებას.
პირველად კაცობრიობის ისტორიაში, მსოფლიო გაჩერდა და იძულებული გავხდით, დავფიქრებულიყავით, როგორ იქნება მსოფლიო ამ გაჩერების შემდეგ და ჩვენ რა ადგილს დავიკავებთ ახალ მსოფლიოში. ამის გააზრება ყველასგან მოითხოვს არჩევანის გაკეთებას ეგოიზმსა და სოლიდარობას შორის; დაპირისპირებასა და თანამშრომლობას შორის; კონფლიქტსა და მშვიდობიან გზას შორის.
ხვალინდელ მსოფლიოში ჩვენ ჩვენი – თუნდაც პატარა, მაგრამ ღირსეული ადგილი შეგვიძლია დავიკავოთ. ეს ნიშნავს ჩვენი პოტენციალის გადააზრებას და საზოგადოებისა და ეკონომიკის სწორი მიმართულებით წარმართვას. ეს ახალი მიმართულებები უკვე იკვეთება: ტურიზმის გადარჩენასთან ერთად, ესაა სოფლის მეურნეობის წამოწევა, ტრადიციული წარმოების აღდგენა და მსოფლიო გეოეკონომიკაში ახალი ინდუსტრიული ნიშების დაკავება. ყოველივე ეს ეფუძნება პროფესიონალიზმს, რომელიც ხვალინდელი დღის გასაღებია.

სამწუხაროა, რომ ამ გლობალური გამოწვევის დროს ყველამ ერთნაირად ვერ გააცნობიერა სოლიდარობის და ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობა.
ახლა ყველაზე კარგად ჩანს, რა არის სწორი გზა – ესაა თანამშრომლობისა და მშვიდობის გზა – ის გზა, რომელზეც დგას საქართველო. თანადგომაზე უარის თქმა, დაძაბულობის ესკალაცია და ოკუპაცია კი – ანაქრონიზმია.
ახალ მსოფლიოში ევროპა დიდი გამოწვევისა და სოლიდარობის ახალ ეტაპზე გადასვლის წინაშე დგება. ჩვენთვისაც კიდევ უფრო ნათელი ხდება, რომ მასთან მჭიდრო თანამშრომლობის ალტერნატივა არ გაგვაჩნია და რომ ჩვენი ხვალინდელი ადგილი უდავოდ ევროპულ ბლოკშია – როგორც არ უნდა იცვლებოდეს იგი.
ასევე, ამ ვითარებაში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ მნიშვნელობას იძენს. იგი უფრო მრავალფეროვანი იქნება, რამეთუ, როგორც ამ თვეებში გამოჩნდა, უშუალოდ სამხედრო გამოწვევების გარდა, ახალი გლობალური საფრთხეების წინაშეც დავდექით. ეს საფრთხეები მოითხოვს თანამშრომლობის მიმართულებების გაფართოებას და ამის მაგალითია ლუგარის ცენტრი და სამეცნიერო ურთიერთობები.
მსოფლიო ეკონომიკის გადალაგების ფონზე, სადაც შავი ზღვის დანიშნულება კიდევ უფრო იზრდება, მისი უსაფრთხოების გასაძლიერებლად საქართველოსა და ნატოს ერთობლივი გეგმები კიდევ უფრო აქტუალური ხდება.
ამავე დროს, ახალ გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველომ თავისი სპეციფიკურობა და იდენტობა უნდა შეინარჩუნოს. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ კულტურას, რომელიც არანაკლებად დაზარალდა ეპიდემიის პირველ ეტაზე; ეს იმასაც ნიშნავს, რომ განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას, გარემოს – ე.ი. ჩვენს ბიომრავალფეროვნებას – იმას, რაც ჩვენი საგანძურიცაა და მსოფლიოსთვის ძვირფასი საცავიც.

როგორც ამ კრიზისის დროს დავამტკიცეთ, ჩვენ ის ერი ვართ, რომელსაც დიდი სირთულეების ჟამს ერთიანობის იშვიათი უნარი გააჩნია. 26 მაისი ერთიანობისა და ერთობით მიღწეული გამარჯვებების სიმბოლოა. ამ ერთიანობის შედეგია ჩვენი დამოუკიდებლობა. დღეს, ისე, როგორც არასდროს, საკუთარი შესაძლებლობებისა და მომავლის რწმენა გვჭირდება. ამ რწმენით უნდა შევიდეთ ახალ მსოფლიოში და ამ რწმენით დავხვდეთ ყველა გამოწვევას.
გაუმარჯოს საქართველოს!” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად