“პრეზიდენტების გასამართლება ქვეყანას აბანძებს” – ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა. მან ახსენა ლევან ბერძენიშვილის სახელიც და თქვა, რომ მათ ერთმანეთს აპატიეს. საუბარია იმაზე, რომ 2007 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ, მათ შორის ვანო მერაბიშვილმა ლევან ბერძენიშვილი რუსეთის აგენტად მოიხსენია. მერაბიშვილის თქმით, ბერძენიშვილმა მას ეს აპატია, ხოლო თვითონ ბერძენიშვილს კი მისი ციხეში ჩასმა აპატია, ვინაიდან იმ პერიოდში ლევან ბერძენიშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი იყო.

რა კომუნიკაცია შედგა ორ ყოფილ პატიმარს შორის და რას ფიქრობს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის თაობაზე? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი საუბრობს:

_ ვანო მერაბიშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში თქვა, რომ დაგირეკათ. შედგა თუ არა თქვენს შორის კომუნიკაცია? თქვენ წლების განმავლობაში გქონდათ კრიტიკული დამოკიდებულება მის მიმართ და შეცვალეთ თუ არა ეს პოზიცია?

_ არა. მე ჩემი პოზიცია არ შემიცვლია. უბრალოდ, ვანო მერაბიშვილმა თავისი სასჯელი მოიხადა და სრული უფლება აქვს, დაბრუნდეს პოლიტიკაში. ეს არის მისი უფლება.

რაც შეეხება იმას, რომ ერთმანეთს ვაპატიეთ, მე ვანო მერაბიშვილს მინდა ვაპატიო, მაგრამ თვითონ რა მაპატია, კარგად ვერ გავიგე. გუშინდელ გადაცემაში უთქვამს (ინტერვიუ ჩაწერილია ორშაბათს, 27 აპრილს ავტ:), რომ თურმე მე დამიპატიმრებია.

_ უფრო ზუსტები, რომ ვიყოთ, თქვენს წვლილზე ისაუბრა იმ კონტაქტში რომ მაშინდელი ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელი იყავით.

_ ამ ნაწილში მე განსხვავებული აზრი მაქვს, მაგრამ ახლა კამათს არ დავიწყებ.

_ ამ თემაზე, რომ მანაც გაპატაიათ, საუბარი არ გქონიათ, როდესაც მან დაგირეკათ?

_ დარეკვა იყო „პრივატული“. არ მეგონა, რომ ეს გასასაჯაროებელი იქნებოდა და სასაუბრო, მაგრამ ეს მისი ნებაა. მე ვანო მერაბიშვილთან პრობლემა არ მაქვს. მე მას ვიცნობდი იქამდე, სანამ ის გახდებოდა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი, ჩვენ ჩვენი ურთიერთობა გვაქვს. ერთი სიტყვით ეს იყო ადამიანური საუბრები ყოფილ პატიმრებს შორის. ჩვენ ერთმანეთს გავუგებთ ყოველთვის.

რაც შეეხება იმ ნაწილს, რომ მე მან მაპატია, მეგონა რომ მაპატია ის რომ თავის დროზე როდესაც მოჭიდავეების საკითხი იყო, მაშინ მე ის ცუდად მოვიხსენიე. შემდეგ ამას მოჰყვა ჩემი და გიგა ბოკერიას კონფლიქტი. მე თავს ვანოს დამპატიმრებლად არ ვთვლი. კოალიციაში როდესაც ხარ და ბიძინა ვიღაცას აპატიმრებს, ასეთ რამეზე ჩემს თავზე ვერ ავიღებდი პასუხისმგებლობას. აქ მე რა დანაშაული მაქვს, არ ვიცი, მაგრამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და მას სრული უფლება აქვს, შევიდეს პოლიტიკაში.

_ დღეს თქვენც ოპოზიციაში ხართ და მერაბიშვილიც ოპოზიციაშია, თუ იქნება თქვენს შორის რაიმე სახის თანამშრომლობა?

_ არ ვიცი, სად იქნება მერაბიშვილი. ეს საკითხია იმაზეა დამოკიდებული, ჩვენი პარტია ვისთან ითანამშრომლებს. მერაბიშვილი რომელ ძალაში იქნება, ამაში თავად უნდა გაერკვეს, ეს მას ჯერ არ უთქვამს და ამაზეა ბევრი რამე დამოკიდებული. მართალი გითხრათ, ეს ჩემი გადასაწყვეტი საკითხი არ არის. ეს არის პარტიის გადასაწყვეტი და პარტია როგორც იტყვის ისე იქნება, მე ვარ პარტიის ძალიან დისციპლინირებული წევრი.

_ საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა დაინიშნოს უკრაინის ვიცე-პრემიერად. ამას ერთგვარი პანიკა მოჰყვა „ქართულ ოცნებაში“. ხომ არ აზარალებს ეს ორი ქვეყნის ურთიერთობას და როგორ ფიქრობთ, უნდა ჰქონოდა თუ არა ეს რეაქცია ჩვენს ხელისუფლებას?

_ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და უკრაინას სადაც უნდა, იქ შეუძლია დანიშნოს ის. ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არ ესიამოვნება ეს ამბავი და ასეც უნდა გამოეხატა, რომ არ ესიამოვნა. სხვა დანარჩენი – არის თუ არა ქვეყნებს შორის ურთიერთობა დამოკიდებული ამაზე? – არა. ჩვენ ორივე ვართ ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ვართ, ორივეს გვაქვს ხელი მოწერილი და ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები, ამიტომ უნდა ვიყოთ მეგობრები. ეს არ არის დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე.

_ პირიქით კარგი ხომ არ არის სააკაშვილის ვიცე-პრემიერობა ქართული პოლიტიკისთვის იმ მხრივ, რომ თუ სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებს ჩამოეხსნება? თუნდაც იმიტომ, რომ ვეღარ აწარმოოს „ოცნებამ“ თავისი პოლიტიკა – „მიშა მოდის“ და ისევ მე ამირჩიეთო?

_ „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის სახელს ყოველთვის გამოიყენებს, იქნება ის უკრაინის ვიცე-პრემიერი თუ არ იქნება. მას მაინც ექნება გავლენა თავის პარტიაზე და ეს ბუნებრივია. ამიტომ, „ქართული ოცნება“ რომ შეშფოთდა სწორია, უნდა შეშფოთდეს, მაგრამ მათი აზრი რომ სააკაშვილი არავინ არაა, ჩამოწერილია, არაფერს არ წარმოადგენს და ა. შ. ეს თავადვე წაიღეს უკან. თავად გამოაცხადეს, რომ თურმე იმხელაა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა შეიძლება გადაწყვიტოს მისმა დანიშვნამ. ხელისუფლება დაიბნა და ის, რაც ითქვა, ანტისახელმწიფოებრივი ლაპარაკია. იონათამიშვილის და სხვების განცხადებები სამარცხვინოა. ქვეყნის ბედს უკავშირებენ იმას, ვიღაც დაინიშნება თუ არა სადღაც. თუნდაც, ის უხერხული და უსიამოვნო იყოს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ის არ არის ჩვენი მოქალაქე. ის უკრაინის მოქალაქეა და შეიძლება დაინიშნოს. სხვათა შორის იყო სხვანაირი ლაპარაკიც, რომ შეიძლება არ დაინიშნოსო, მაგრამ დაინიშნება. ტყუილად არ დაასახელებდნენ მას. ის ლაპარაკი, რომ სააკაშვილს რეფორმები არსად არ ჩაუტარებია, არ შემიძლია სერიოზულად აღვიქვა. იმიტომ, რომ საქართველოში სერიოზული რეფორმები გაატარა. ზოგი მათგანი იმდენად წარმატებული იყო, რომ ვერ გააფუჭა აბსოლუტურად უგერგილო, უუნარო და უნიჭო ხელისუფლებამაც კი. მაგალითად პატრულის, იუსტიციის სახლების და ა. შ. ამიტომ, მე არ გამოვრიცხავ, რომ წარმატება ჰქონდეს უკრაინაშიც. შეიძლება კი, შეიძლება არა. სხვა ქვეყანაა და წინასწარმეტყველება ძნელია, მაგრამ თუ უნდა, უკრაინელ ხალხს რომ დანიშნონ, მაშინ უნდა დანიშნონ.

მე მაგალითად, თავიდანვე მეგონა, რომ როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ხარ, მერე არც გუბერნატორი უნდა იყო, არც ვიცე-პრემიერი და არც პრემიერი, მაგრამ ეს არის ჩემი პირადი მოსაზრებაა. იყო გუბერნატორი და კიდევ შეიძლება იყოს თანამდებობაზე. როგორი იქნება, მაგას ვერ გეტყვით. უკრაინა ძალიან რთული ქვეყანაა.

ვერ გააფუჭებს ხელისუფლება უკრაინასთან ურთიერთობას. იმიტომ რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი გვაქვს მოწერილი, თუ ჩაიხედავდა, დაინახავდა როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს უკრაინასთან. დახმარება ხომ უნდათ ევროპიდან? მაშინ ისე უნდა მოიქცნენ, როგორც ევროპული ქვეყნები იქცევიან. ასეთი რაღაცა სხვაგანაც მომხდარა.

თუ სერიოზული იყო სააკაშვილის მიმართ ბრალდებები, მაშინ რატომ ვერ მივაღწიეთ ამის აღიარებას ინტერპოლთან? ამის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტი და ანგელა მერკელი შეხვდნენ სააკაშვილს. იმიტომ, რომ ამ განაჩენის არავის არ სჯერა. სამივე ინსტანციის სასამართლო ჯიბეში ივანიშვილს.

_ რატომ არის ასე, სააკაშვილს არ ჩაუდენია დანაშაული თუ უბრალოდ ვერ იმუშავა სათანადოდ პროკურატურამ?

_ მე ვერ ვიტყვი ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა. ვიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას. მაგრამ, მე გეუბნებით, რომ რა ბრალდებაც მას წაუყენეს, ყველა სისულელე იყო. არცერთი ბრალდება არ იყო სერიოზული.

მაგალითად 100%-იანი დანაშაული სადაც აქვს სააკაშვილს ჩადენილი, მაგალითად დეპუტატზე თავდასხმა და კინაღამ რომ მოკლეს ვალერი გელაშვილი, ეგ ხომ ნამდვილად ვიცით რომ დანაშაულია, ეგეც კი ვერ დაუმტკიცეს. ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ…

საქართველოში შევარდნაძე არ გაუსამართლებიათ და კომუნისტური სისტემა არ გაუსამართლებიათ. სააკაშვილს როგორ გაასამართლებდა ის სისტემა, რომელიც იმ დროს ისე იქცეოდა, როგორც იმათ უხაროდათ და ამათა დროს ასე იქცევა, როგორც ამათ უხარიათ. მე გასამართლების წინააღმდეგი არ ვარ. კი ბატონო, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ჯერ ერთი არ მომწონს პრეზიდენტების გასამართლება, იმიტომ რომ ეს ქვეყანას აბანძებს. მაგრამ თუ დააშავა უნდა დაუმტკიცო. პიჯაკი იყიდაო და პრეზიდენტი გახდა და ფული დახარჯაო, ამას სერიოზულად თუ თვლიან… მთელმა მსოფლიომ გაიცინა.

სხვათა შორის საქართველოს ხელისუფლებამ რომ თქვა, მაგას არაფერი არ შეუძლიაო, ცოტა ხნის მერე თქვეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობებიც კი შეიძლება გააფუჭოსო. უნდა გაერკვნენ შეუძლია რამე სააკაშვილს თუ არა. თანმიმდევრულები უნდა იყვნენ. ისეთი, ვისაც არაფერი არ შეუძლია და აბსოლუტურად უსუსურია, არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ამ დღეებში მარტო იმის უნარი აღმოაჩნდა, რომ შვილს „ტიკ-ტოკი“ წაეთამაშა. მთელი ოჯახი იყო სასაცილო და კილაძემ გვითხრა, გახალისდა ხალხიო.

კაცი რომელსაც ქვეყნის მეთაურობას აბრალებენ, აპირებს რომ უკრაინასთან გააფუჭოს ურთიერთობა. იმის მაგივრად რომ დაინახოს, მტერი ვინ არის. რაც პუტინმა თქვა ამ დღეებში, ერთი ერთში გაიმეორა ის საქართველოს ხელისუფლებამ. რუსეთში ყველა გადაცემაში სააკაშვილზე ლაპარაკობენ. სირცხვილია, რომ მათთან რეზონანსში აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლება.

თავშეკავებულად შეიძლებოდა თქმა რომ არ მოგვწონს, მაგრამ მუქარა რომ გამოვიწვევთ ელჩს და… იუმორის სფეროში გადადის ეს ყველაფერი. ვიეტნამი აფრთხილებდა ხოლმე ჩინეთს, წესიერად მოიქეციო და ჩინელებმა თქვეს, ვიეტნამელები არ არიან მოკლებული იუმორის გრძნობასო. ვის ემუქრები, ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ქვეყანას?! თან რის გამო, თავის მოქალაქეს უპირებს სადღაც დანიშვნას.

ადარებენ, ჩვენ რომ იანუკოვიჩი დავნიშნოთო… მაგრამ, იანუკოვიჩი და სააკაშვილი შესადარებელი რატომ არის? ორივე გასამართლებელი რომ არის? მეტი არაფერი? იანუკოვიჩზე ნაკლებები ჰყავთ დანიშნული? მთელი საბჭოთა ნომენკლატურა რომ ჰყავთ და მილიონერების პარლამენტი რომ გააკეთეს?

რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრს, ასეთი უბადრუკი არსებები, საიდან მოყარეს, არ ვიცი. არ იციან დიპლომატია, არ იციან წერა-კითხვა. რისი გამკეთებლები არიან, რა ურთიერთობის გამწყვეტები არიან, ვინ ჰკითხავთ მაგათ?!

_ არ იციან თუ საშუალება არ აქვთ რომ დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოონ?

_ არა. კვალიფიკაციაც არ აქვთ. მონა შეიძლება იყოს კვალიფიციური, ჩვენ გვყავს არაკვალიფიციური მონები. პრემიერ-მინისტრს საქმე შემოაკლდა თუ რა არის? ამ კორონადან რომ გამოვალთ, მერე რაში შევალთ ხომ იციან?! ასეთ დროს ყველგან დახმარებას უნდა ეძებდე, ურთიერთობის გაწყვეტას კი არა. ახლა მსოფლიოსთან გადაკიდება შეიძლება?! თქვენ როგორ გგონიათ, ზელენსკი არავის არ ჰკითხავდა პირად აზრს? ეს ხომ იქნება ჩვენი პარტნიორების რჩევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება?!

_ ამერიკასთან არ ექნებოდა მას კომუნიკაცია?

_ თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ამერიკამ და ევროპამ უთხრა არ ქნაო და ზელენსკიმ მოიკლა თავი, ასე უნდა გავაკეთოვო, ასე არ იქნებოდა. ამის გარკვევას რა უნდა, საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ხარ, ამის გარკვევა ძნელია?! თუ იქ ელჩი მარტო იმიტომ გვყავს რომ ბიძინას ქება-დიდებაში იყოს და პოლიტიკაში გაერიოს?!

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად