პრემიერმინისტრი: “თქვენ მიერ განხორციელებული ინვესტიციის თითოეული ცენტი იქნება დაცული”

 

"საქართველოში ნამდვილად არის სამართლიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო გარემო და თქვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციის თითოეული ცენტი იქნება დაცული კანონისა და სახელმწიფოს მიერ", – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმის მონაწილეებს, რომელსაც 350 ბიზნესმენი ესწრება.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ზრუნავს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ბიზნესის ხელშეწყობისა და წახალისებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესფორუმის ბათუმში ჩატარებას მიესალმება და იმედოვნებს, რომ ის ხელს შეუწყობს მეგობრობის გაღრმავებას თურქეთსა და აზერბაიჯანთან, რომლებიც საქართველოს უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორები არიან.

"უკანასკნელი წლები საქართველო-თურქეთის და საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკურ ურთიერთობებში, შეიძლება ითქვას, ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია. დარწმუნებული ვარ, ეს ტენდენცია შენარჩუნდება და ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს უფრო მეტი საინტერესო და წარმატებული პროექტის განხორციელებას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს აქვთ საკმარისი პოტენციალი და ყველას ერთად შეგვწევს ძალა, მთლიანად რეგიონი ვაქციოთ მნიშვნელოვან მოთამაშედ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში", – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმის ფარგლებში, თურქეთის ეკონომიკის მინისტრ ნიჰად ზეიბექჩს და აზერბაიჯანის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრ შაჰინ მუსტაფაევსაც შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა მათ ბიზნესფორუმში მონაწილეობისთვის და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად