A1 ბანერი

პრემიერმინისტრი აჭარის მთავრობას ეკონომიკური პროექტების დაჩქარებისკენ მოუწოდებს

"ბოლო პერიოდში რამდენიმე ინვესტორს შევხვდი. ზოგადად, ახალი პროექტების განხორციელების სურვილი არის, მაგრამ მე მაინც ვისურვებდი, ცოტა მეტი სიჩქარე მენახა ამ მიმართულებით. აჭარაში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ კარგია, მაგრამ მგონია, რომ პოტენციალი უფრო მეტია. ჩვენ გვინდა, ეს დაფარული რეზერვები ავამოქმედოთ და აჭარას განვითარების კიდევ უფრო მეტი დინამიკა შევძინოთ“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, რომელზეც აჭარის მთავრობის წევრებმა რეგიონში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები წარადგინეს.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე ბათუმის ბულვართან დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აჭარის ხელმძღვანელობას ამ თემაზე მოსახლეობასთან მეტი კოორდინაცია სთხოვა.

„ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, ცოტა მეტი კონსულტაცია ყოფილიყო ამ საკითხთან დაკავშირებით. ისეთ თემებზე, სადაც შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ ზედმეტი ხმაური, კარგი იქნება უფრო მეტი კოორდინაცია და დიდი იმედი მაქვს, მომავალში ასე იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მთავრობის წევრებმა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა აჭარის რეგიონში მიმდინარე გეგმების და პროექტების შესახებ იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...