პრემიერმა აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

ბათუმის 68-ე ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება ვახტანგ წულაძე. 

„ვახტანგ წულაძე გახლავთ აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი. მას აქვს აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, ბატონი ვახტანგის სახით აჭარის უმაღლეს საბჭოს ეყოლება საქმის ერთგული და პრინციპული წევრი“, – განაცხადა პრემიერმა. 

ბათუმის 69-ე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ილია ვერძაძე დასახელდა.

„ილია ვერძაძე გახლავთ პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე. ბატონმა ილიამ ზედმიწევნით კარგად იცის აჭარის მოსახლეობის პრობლემები და, დარწმუნებული ვარ, თავის ცოდნასა და ენერგიას არ დაიშურებს ამ პრობლემების გადასაჭრელად“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

ბათუმის 70-ე ოლქში პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს ნუგზარ სურმანიძე.

„ბატონ ნუგზარს აქვს ჯანდაცვის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, მთლიანად მოახმარს ბათუმის და მთლიანად აჭარის მოსახლეობის ინტერესებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ქობულეთში პრემიერმა მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი რომანაძე დაასახელა. 

„გიორგი რომანაძე გახლავთ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი. ბატონი გიორგი ქობულეთელი კაცია, იყო ქობულეთის გამგებელი. კარგად იცის ყველა პრობლემა, რომელიც ქობულეთელებს აწუხებთ. დარწუნებული ვარ, იგი ღირსეულად გაართმევს თავს ახალ მოვალეობას“, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა. 

ხელვაჩაურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება მერაბ კარანაძე. 

„მერაბ კარანაძე გახლავთ გამოცდილი ადამიანი, სხვადასხვა დროს მუშაობდა საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე. დარწმუნებული ვარ, ბატონი მერაბის სახით ხელვაჩაურელებს ეყოლებათ საიმედო წარმომადგენელი აჭარის უმაღლეს საბჭოში“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ხულოში, შუახევსა და ქედაში პრემიერმა მაჟორიტარობის კანდიდატად ხვიჩა შარაშიძე წარადგინა.

„ბატონი ხვიჩა ბიზნესიდან მოდის პოლიტიკაში. იგი წარმატებული ადამიანია და დარწმუნებული ვარ, ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ემსახუროს ხულოს შუახევისა და ქედის მოსახლეობას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად