პრემიერი:ქვემო ქართლში, სასათბურე მეურნეობის პროექტში ჩადებული ინვესტიცია 21 მილიონი დოლარია

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვემო ქართლში, სასათბურე მეურნეობის პროექტში ჩადებული ინვესტიცია 21 მილიონი დოლარია. ამის შესახებ პრემიერმა ქვემო ქართლის რეგიონში მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

პრემიერმა შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და რაიონის პრობლემებზეც ისაუბრა.

პრემიერის თქმით, "ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობით უზრუნველყოფისთვის. 

"ჩვენ გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები ყველაზე მნიშვნელოვან სფეროში, სოფლის მეურნეობაში და ამ მიმართულებით არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა, რაც ვფიქრობთ, თანდათან აისახა და მომავალში კიდევ უფრო აისახება თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე. დღეისათვის, ქვემო ქართლში უკვე 200-ზე მეტი პროექტი დავაფინანსეთ. ეს არის 200-ზე მეტი დასაქმებული ოჯახი, რომელშიც სახელმწიფო პროგრამების შედეგად, კეთილდღეობა მივიდა. ჩვენ მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია ის, რომ ქვემო ქართლში არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა და დღეს, კომპანიები სხვადასხვა სფეროში, სწორედ ამ რეგიონში აწარმოებენ ხარისხიან, ადგილობრივ, კონკურენტუნარიან პროდუქციას. ასეთია მაგალითად, მსოფლიოში ცნობილი გერმანული კომპანია "ჰენკელი", რომელმაც სამშენებლო მასალების წარმოებისთვის ჩვენს ქვეყანაში 5 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა.მინდა, ეს კონკრეტული ფაქტები მოვიყვანო იმისთვის, რომ ეს არ იყოს უბრალოდ სტატისტიკა და ჩვენმა მოქალაქეებმა, მოსახლეობამ ზუსტად იცოდეს კონკრეტული მაგალითები, სად მოხდა განვითარება, ინვესტიცია და ადამიანების დასაქმება. ამიტომ მომყავს ეს ფაქტები",- განაცხადა პრემიერმა. 

გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ "სწორედ ქვემო ქართლშია კავკასიაში ხორცის წარმოების ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საწარმო, რომლის ინვესტიცია 6,5 მილიონი დოლარია.

"მილიონ 200 ათასი ევროს ინვესტიციაა ჩადებული ვაშლის სრულიად ახალი, ინტენსიური ბაღების გაშენებაში. ეს ინვესტიციები და კონკრეტულად, პროგრამა "დანერგე მომავალი", რომლის მიხედვითაც, ჩვენს მოქალაქეებს აქვთ საშუალება, სახელმწიფო თანადაფინანსებით, სადაც გრანტის კომპონენტი ძალიან დიდია, გააშენონ ახალი ბაღები, თანდათან, მომავალი წლების განმავლობაში მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან შემოსავალს თითოეული ადამიანის ოჯახში, ვინც ამ მიმართულებით ინიციატივას გამოიჩენს და სახელმწიფო ყველას გვერდში დაუდგება. სწორედ ქვემო ქართლშია საქართველოში ყველაზე მასშტაბური და უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა. ეს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საინვესტიციო პროექტია, რომლის იდეაზე მუშაობა ფონდმა რამდენიმე წლის წინ, სასათბურე მეურნეობის დარგში წამყვან ევროპულ კომპანიასთან ერთად დაიწყო. პროექტის ფარგლებში, განხორციელებული ინვესტიცია 21 მილიონი დოლარია. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სრული ჩამონათვალი. ჩვენ გვაქვს კიდევ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. კომპანია „სოკარმა“ განახორციელა შვიდი მილიონი დოლარის ინვესტიცია ახალ სამაცივრე მეურნეობაში მარნეულში, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენმა ადგილობრივმა მეწარმეებმა შეინახონ ხილი თუ ბოსტნეული და გაყიდონ იმ სეზონზე, როდესაც ეს მათთვის ყველაზე მომგებიანია. ყოველ ასეთ პროექტს შემოაქვს ახალი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, რაც თითოეული მოქალაქის მდგომარეობაზე, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება. სწორედ თქვენი კეთილდღეობაა ჩვენი მთავარი მიზანი და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ",- განაცხადა კვირიკაშვილმა. 

პრემიერის განცხადებით, "ქვემო ქართლს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი არაერთი მიმართულებით".

"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ჩვენ ფინანსური რესურსის უმეტესი ნაწილი ასევე, გავეცით მესაქონლეობისა და მეცხვარეობის განვითარებისთვის. ჯამში, ქვემო ქართლში, სახელმწიფოსგან 36 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ამ მიმართულებით; 2 მილიონ ლარზე მეტი გავეცით მებაღეობის განვითარებისთვის, „დანერგე მომავლის“ პროექტის ფარგლებში. ამ პროგრამის შედეგები, რა თქმა უნდა, თანდათან უფრო ხელშესახები გახდება. დავამტკიცეთ ორი პროექტი გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რისთვისაც 325 ათასი დოლარი გაიცა. ასევე, ორი პროექტი განხორციელდა შემნახველი საწარმოებისთვის, რისთვისაც 250 ათასი დოლარი და 500 ათას ლარზე მეტი რესურსი გაიცა. დღეისათვის, რეგიონში 19 ახალი საწარმო გაიხსნა და 131 არსებული საწარმო გადაირაღდა და გაფართოვდა",- აღნიშნა პრემიერმა.

 
 
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად