პრემიერი: საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაცია

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

“საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ევროკავშირთან ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია, რაც მიიღწევა ასოცირების ხელშეკრულების სრულად განხორციელების გზით, რომელიც ძალაში შევიდა ამა წლის ივლისში. ასოცირების საბჭოს დღევანდელი სხდომა არის ამ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის შემდეგ ასეთი მაღალი დონის პირველი ინსტიტუციური შეხვედრა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პირველი ანგარიშის გამოქვეყნებას, რომელშიც ასახულია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან ყოვლისმომცველ დაახლოებას მოაქვს ხელშესახები შედეგები ჩვენი მოქალაქეებისთვის – ვაჭრობა ევროკავშირთან იზრდება და სულ უფრო მეტი ქართული პროდუქტი გადის ევროკავშირის ბაზარზე, ბიზნესკავშირები ღრმავდება, სულ უფრო მეტი ევროპული კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში, ასევე იზრდება ევროპული განათლების მიღების მსურველ ქართველ სტუდენტთა რიცხვიც და ჩვენი კავშირები ევროკავშირის განათლების სექტორთან დღითიდღე მტკიცდება,”-აღნიშნა პრემიერმა. 

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, გაგრძელდება რეფორმები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შემდგომი კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, რათა შეიქმნას კიდევ უფრო ძლიერი და ანგარიშვალდებული ინსტიტუტები, მიღწეულ იქნას ეკონომიკური ზრდა და მოდერნიზაცია, ხელი შეეწყოს ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილების შექმნას და გაფართოვდეს საქართველოს სტრატეგიული პოტენციალი.

“გვქონდა აზრთა ნაყოფიერი გაცვლა უმაღლეს წარმომადგენელთან ასოცირების პროცესის სარგებლის მაქსიმალური გამოყენების გზების შესახებ. ჩვენ წარვადგინეთ ამ მიზნის მიღწევისკენ მიმართული რამდენიმე მოსაზრება და ინიციატივა. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ ევროკავშირთან შემდგომ თანამშრომლობას ჩვენი ხედვის კონკრეტულ მოქმედებაში გარდაქმნაზე.

მადლობას მოვახსენებ ევროკავშირს ჩვენი რეფორმატორული საქმიანობის მიმდინარე მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასოცირების პროცესში ჩვენი საერთო მიზნების მიღწევის საქმეში. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურების დროულად დასრულების მნიშვნელობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკრეტული სარგებელი და სტიმული, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები მოელიან ევროინტეგრაციის შედეგად,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, ასოცირების საბჭოს სხდომაზე განხილული იყო უსაფრთხოების საკითხები. მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში აქტიური შუამდგომლობისა და არაღიარების პოლიტიკის გატარების კუთხით და აღნიშნა, რომ საქართველო არის უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის სანდო პარტნიორი.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად