პრემიერი: საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან – სამიტში მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

ჩვენ ახლა ვემზადებით ასოცირებული ტრიოს – საქართველო, უკრაინა, მოლდოვის პრემიერების შეხვედრისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ახლა ვემზადებით ასოცირებული ტრიოს – საქართველო, უკრაინა, მოლდოვის პრემიერების შეხვედრისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება. ჩვენ უკვე გვაქვს წინასწარი თანხმობა და დადასტურება ამის თაობაზე. ეს იქნება მოსამზადებელი ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რომელიც უკვე 15 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება და რომელშიც მე მივიღებ მონაწილეობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე.

„ახლა უკვე ჩვენ მივიღეთ ოფიციალური მოსაწვევიც, ქალბატონ პრეზიდენტის სახელზეც და ჩვენი გადაწყვეტილებით, ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სახელით აღნიშნულ დემოკრატიის სამიტზე, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება. ამას გარდა, 1-2 დეკემბერს, ნატოს მინისტერიალზე მიიწვიეს საქართველო და ჩვენს ქვეყანას იქ წარმოადგენს ბატონი დავით ზალკალიანი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...