პრემიერი სამართალდამცველებს: მადლობა კრიმინალთან მუხლჩაუხრელი და შეუპოვარი ბრძოლისთვის

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დასკვნითი სიტყვით პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში გამოსცლისას განაცხადა.

 “რაც შეეხება კონკრეტულ რეფორმებს: შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენ ვახორციელებთ კრიმინალური პოლიციის რეფორმას, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. არაერთხელ ითქვა და კიდევ მინდა გავიმეორო, თუ რამხელა ენერგია და ინვესტიციებია ჩადებული იმაში, რომ საგამოძიებო კომპონენტი გავაძლიეროთ.

მოგეხსენებათ, ქურდული სამყაროსა და კანონიერი ქურდების შესახებ კანონში შევიდა ცვლილება და დანაშაულად გამოცხადდა ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა. გამკაცრდა სანქციები ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის. პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონი „ქუჩური გარჩევის“ შესახებ. მე ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება იმ ოპონენტების პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით, ვისგანაც დღეს ასეთი ემოციური გამოსვლები ვიხილეთ.

ჩვენი ანტიკრიმინალური რეფორმების და ქმედებების მიზანი არის სწორედ ხარისხობრივად ახალი და გაუმჯობესებული საპოლიციო საქმიანობა. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, პრევენციაზე ორიენტირება და ყველაფერ იმისკენ, რაც ხარისხს უკავშირდება.

და ბოლოს, მინდა მივმართო ყველა სამართალდამცავს, კრიმინალთან და დანაშაულთან მებრძოლ ყველა ოფიცერსა და რიგითს, ჩვენს პოლიციელებს, გამომძიებლებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს – მე როგორც მთავრობის მეთაურმა მადლობა მინდა გადაგიხადოთ მუხლჩაუხრელი შრომისა და შეუპოვარი ბრძოლისათვის კრიმინალთან და ყველა იმასთან, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს ჩვენი საზოგადოებისთვის რისკს. უღრმესი მადლობა ამისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...