პრემიერი: საგადასახადო ცვლილებები 120 ათასზე მეტ მეწარმეს შეეხება

"120 000-ზე მეტ მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება ეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. საუბარია განაკვეთის 5-ჯერ შემცირებაზე – 5%-დან 1%-მდე", – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის წინა სხდომაზე დაანონსებული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, უკვე წარმოდგენილია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

"მოგახსენებათ, რომ ჩვენ ვიწყებთ ერთ-ერთ მასშტაბურ რეფორმას და ძალიან კარგი ინიციატივაა ფინანსთა მინისტრის. 120 000-ზე მეტ მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება ეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. საუბარია განაკვეთის 5-ჯერ შემცირებაზე – 5%-დან 1%-მდე და მოიცავს იმ კომპანიებს, რომლებიც 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიებს მოიცავს. ძალიან მასშტაბური ცვლილებებია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო ლიბერალიზაცია.

მნიშვნელოვანია იმით, რომ პირველი ეტაპი, რომელიც ჩვენ მოგების გადასახადის გაუქმებით განვახორციელეთ, ძირითადად შეეხო საშუალო და მსხვილ მეწარმეებს, ხოლო კონკრეტულად ეს ცვლილებები ეხება წვრილ მეწარმეებს და ეს არის პირდაპირ დაკავშირებული მათ სოციალურ მდგომარეობასთან. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის კეთება წავახალისოთ, განსაკუთრებით, ამ ნიშაში, რათა ჩვენი მოსახლეობის ფართო მასებმა იგრძნონ საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახზე ეს ცვლილებები. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ცვლილებებს ძალიან დიდი  პოზიტივი მოჰყვა ამ ცვლილებებს პირველ ეტაპზე და მინდა გთხოვოთ, რომ მთელს ქვეყანაში მაქსიმალურად ყველამდე მივიტანოთ ეს ცვლილებები, ეს სიკეთე, რომელსაც ახლა ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მოსახლეობას. ფინანსთა სამინისტროს უკვე დაგეგმილი აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირე მეწარმეებთან შეხვედრები და ძალიან კარგია, რომ ყველამ გაიგოს ეს შესაძლებლობა და ეს უდიდესი შეღავათი, რომელიც ამ ცვლილებებით არის გათვალისწინებული", – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...