პრემიერი: სააკაშვილი დღეს უკრაინაში გაგდების პირასაა, ალბათ, დღეს თუ ხვალ გააგდებენ

პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში შესაძლო ჩართულობა ქართული სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელია.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალიტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით.

„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მან პოლიტიკური თანამდებობა დატოვაც და პარტიის თავმჯდომარის პოსტიც. მეორე მხრივ, ღიად განაცხადა, რომ აღარ მონაწილეობს პოლიტიკაში. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ეს შეურაცხმყოფელია ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს, აბსოლუტურად არ მაინტერესებს, მოგვიწოდებდეს, რომ ეს კრიმინალი, არაერთ მძიმე დანაშაულში მხილებული და ბრალდებული, მისჯილი პიროვნება ფორმალურად, რაიმე ფორმით ჩაერთოს ამ მოლაპარაკებებში.

მინდა ყველას შევახსენო, სააკაშვილი დღეს უკრაინაში გაგდების პირასაა, ალბათ, დღეს თუ ხვალ გააგდებენ. კორუფციულ სკანდალებში გაეხვა თავისი კორუფციული გუნდის ჩართულობით, ყველა კორუფციული საქმე წამოწიეს და მისი გუნდის წევრების დევნა დაიწყეს. რეალურად, ის უკრაინაში არაფერს აკეთებს და ყველაფერი დადგმული შოუა, რასაც ის აქ აკეთებდა. უარესს აკეთებს იქ. სააკაშვილმა საკუთარი სურვილით უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე, კაცი, რომელიც 9 წელი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. რაზე მესაუბრებით საერთოდ. ასე, რომ ეს საუბარი უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი დაელაპარაკება რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...