პრემიერი: რუსული პროპაგანდის საუკეთესო პასუხია სიღარიბის აღმოფხვრა და ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლება

"რუსული პროპაგანდა ხშირად ჩვენი ეკონომიკის სწორედ ამ სუსტ წერტილზე დარტყმას ცდილობს. ამ გამოწვევაზე საუკეთესო პასუხია სიღარიბის აღმოფხვრა და, ზოგადად, ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლება", – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე დასმულ კითხვას რამდენად სერიოზულია ყალბი ინფორმაციის, კერძოდ კი რუსეთის მიერ წახალისებული და დაფინანსებული ყალბი ახალი ამბების პრობლემა საქართველოში

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს მცდელობები წარუმატებელია და ვერც მომავალში იქნება წარმატებული.

"ეს არის არა პოლიტიკური, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. თუმცა აქაც გვმართებს სიფრთხილე. აქ საუბარია ცვლილებებზე ეკონომიკურ პოლიტიკაში – ჩვენ უნდა შევამციროთ და აღმოვფხვრათ სიღარიბე. სამწუხაროდ, სწორედ ეს პრობლემა ასაზრდოებს ხშირად ნაციონალიზმს, ქსენოფობიას, ხოლო რუსული პროპაგანდა ხშირად ჩვენი ეკონომიკის სწორედ ამ სუსტ წერტილზე დარტყმას ცდილობს. ამ გამოწვევაზე საუკეთესო პასუხია სიღარიბის აღმოფხვრა და, ზოგადად, ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ეხება განათლებას. ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ ადამიანური კაპიტალის შექმნაზე. ჩვენი საგანმანათლებლო რეფორმა გაზრდის ადამიანური კაპიტალის ინდექსს და უზრუნველყოფს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის უფრო მაღალ დონეს. პასუხი ამ გამოწვევაზე მდგომარეობს სწორედ ეკონომიკის სფეროში. დარწმუნებულნი ვართ, რომ რუსეთი წარმატებას ვერასდროს მიაღწევს მიუხედავად უდიდესი ძალისხმევისა. გავიხსენოთ, მაგალითად, არჩევნები, რომლებშიც ე.წ პრორუსულმა პარტიებმა ხმათა 4-5%-ზე მეტი ვერ მოაგროვეს. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად