პრემიერი: რუსთავი2-ის სტილის შეცვლას არ ვისურვებდი, განსაკუთრებით არჩევნებამდე

პრემიერმინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ "რუსთავი 2"-ის სიუჟეტები შეიძლება იყოს მწვავე და სიმართლისგან დაშორებული, მაინც ისურვებდა, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვალოს,- ამის შესახებ პრემიერმა აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა. 

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება, ამ საკითხს (რუსთავი 2) გააჩნია ორი განზომილება, ეს არის საკუთრების განზომილება და ეს არის სიტყვის თავისუფლების და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის განზომილება.

მე რა თქმა უნდა, არ მაქვს უფლება და ვერც ჩავერევი სასამართლო განხილვაში, თუმცა, ერთი რამ მინდა ვთქვა, როგორიც არის, მწვავე, ვფიქრობ, სიმართლისგან დაშორებული, თუნდაც არაობიექტური, თუნდაც შეიძლება ხშირად გული გვეტკინოს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სიუჟეტები შეიძლება შუქდებოდეს გადაცემის ბოლოში, და ა.შ. არანაირად არ ვისურვებდი, რომ ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც დღეს "რუსთავი 2"-ს გააჩნია რამენაირად შეიცვალოს, განსაკუთრებით არჩევნებამდე, რომ არ მივცეთ არანაირი საშუალება სპეკულაციის ჩვენს ოპონენტებს და ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ეს, ჩვენ გვჭირდება, რომ დამოუკიდებელმა მედიაკომპანიამ აწარმოოს ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც მას მიაჩნია, რომ უნდა აწარმოოს და არანაირად არ ვისურვებდი, რომ "რუსთავი 2"-ის ის სტილი, რომელიც დღეს მას გააჩნია რამენაირად შეცვლილიყოს, განსაკუთრებით, კიდევ ერთხელ ვამბობ არჩევნებამდე, იმიტომ რომ ჩვენ ეს არ გვჭირდება.

არ გვჭიდება იმიტომაც, რომ ჩვენ შეგვიძლია, რომ სიმართლე გავაგებინოთ ხალხს და არ გვჭირდება იმიტომაც, რომ არ მივცეთ საშუალება არავის, რომ ხელზე დაიხვიოს ეს საკითხი და რამენაირად გამოიყენოს პოლიტიკურად, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რანაირიც არ უნდა იყოს შედეგი ამ სასამართლო პროცესის, მე ვისურვებდი და ყველაფერს გავაკეთებ ჩემი მხრიდან, თუკი რამე იქნება შესაძლებელი, არ ვიცი გახსოვთ ალბათ, წინა პერიოდში, როცა განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით ვაკეთებდი, გარკვეული საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოვედი, არ ვიცი ეს რა უნდა იყოს, როგორი მექანიზმი უნდა იყოს, მაგრამ ვისურვებდი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არავის მიეცეს საშუალება ამ საკითხით სპეკულირების და გააგრძელოთ თქვენ თქვენი სარედაქციო პოლიტიკა, როგორადაც თქვენ მიგაჩნიათ, რომ უნდა აკეთოთ ეს",-განაცხადა კვირიკაშვილმა 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...