პრემიერი: ქვეყნის უსაფრთხოების გარეშე ვერ განვავითარებთ ვერც ეკონომიკას, ვერც ტურიზმს 

საქართველოს უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა ოკუპაციაა და ის განსაკუთრებით კრიტიკული და მტკივნეულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმინისტრის შეფასებით, ეს გამოწვევა უაღრესად კრიტიკული და მტკივნეულია თითოეული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით, მათთვის, ვინც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ორივე მხარეს ცხოვრობს.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობის კრიტიკულ მნიშვნელობას.

„ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ფუნქცია, განსაკუთრებით კოორდინაციის ნაწილში. დღეს ამ ქვეყნის უსაფრთხოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სხვანაირად ვერ განვავითარებთ ვერც ეკონომიკას, ვერც ტურიზმს, ვერც განათლებას, ვერც კულტურას და საერთოდ, ქვეყნის ხვალინდელ დღეზე მსჯელობა იქნება საკმაოდ პირობითი. ამიტომ, უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ასევე დაასახელა კიბერუსაფრთხოება.

„კიბერუსაფრთხოება, უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს რეგიონში და განსაკუთრებით იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ქვეყანამ იგრძნო, როდესაც კიბერუსაფრთხოების ნაწილში სერიოზული გამოწვევა ჰქონდა ჩვენს სახელმწიფო უწყებებსაც და კერძო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელსაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, ლევან იზორიას დაეკისრა. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საბჭოს წევრებმა, სხდომაზე, უსაფრთხოების სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების აუცილებლობაზე იმსჯელეს. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასა და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტს. პრემიერ-მინისტრმა ლევან იზორიას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სრულყოფილი კონცეფციის შექმნა დაავალა, რომელიც ქვეყნის საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მომუშავე სახელმწიფო უწყებებისთვის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად