პრემიერი: ქართველი ერის არჩევანია NATO-ში ინტეგრაცია და არავის აქვს უფლება შექმნას ბარიერები

“საქართველო გახდება NATO -ს წევრი. NATO აგრძელებს ღია კარის პოლიტიკას”, – ამის შესახებ პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ NATO -ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, NATO-ში გაწევრიანება ქართველი ერის პრინციპული არჩევანია.

“მთავარი გზავნილი არის ის, რაც მოვისმინეთ სტოლტენბერგისგან, რომ არავის აქვს უფლება, შეუზღუდოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს, სუვერენულ ქვეყანას თავისი არჩევანი.

ქართველი ერის არჩევანი გახლავთ NATO -ში სრულფასოვანი ინტეგრაცია, შესაბამისად, ეს არის საქართველოსა და NATO -ს წევრ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებისა და ურთიერთობის საკითხი. არავის აქვს უფლება, ამაში შეეცადოს ჩარევას და შექმნას ბარიერები.

ვაგრძელებთ ეფექტიანად ამ ინტეგრაციის გზაზე სიარულს, გვესმის, რომ ბუნებრივია, ერთ დღეში ვერ მოხდება გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ამავე დროს, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ძლიერი გზავნილები, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. NATO აგრძელებს ღია კარის პოლიტიკას.

მინდა, კიდევ ერთხელ საზოგადოებას შევახსენო, იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მიიღეს ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაკავშირებით, ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს ის რეფორმათა პაკეტი, რომელიც უნდა განვახორციელოთ და მოვახდინოთ მისი იმპლემენტაცია, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ NATO-ს სტანდარტებს და ავამაღლოთ ჩვენი თავსებადობა NATO-სთან.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრინციპული გადაწყვეტილება აუცილებლად დადგება დღე და გახდება რეალობა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...