პრემიერი: „ქართულ ოცნებას“ კოალიცია ამჯერად არ დასჭირდება და იმედი მაქვს, 2024 წელს ოპოზიცია ცოტა გონს მოეგება

“იმის გამო, რომ მსგავსი უპასუხისმგებლო ოპოზიცია გვყავს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და უკვე გავაკეთეთ იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ კოალიცია ამჯერად არ დასჭირდება და იმედი, მაქვს, რომ 2024 წელს ოპოზიცია ცოტა გონს მოეგება”.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია თავის ქმედებებში არათანმიმდევრულია.

„ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს 8 მარტის შეთანხმება. ოპოზიციამ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხად დააყენეს პროპორციული საარჩევნო სისტემა. ადამიანებმა, რომლებმაც იბრძოლეს და გვიმტკიცებდნენ, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ და დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისკენ იყვნენ მოწოდებულები. ადამიანებმა, რომლებმაც იბრძოლეს უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემის მისაღებად და შემდგომ, 2024 წლიდან პროპორციული სისტემის. ეს ადამიანები გამოდიან და ამბობენ, რომ კოალიციას ქვეყანაში ყველაზე მსხვილ, ყველაზე რეიტინგულ ძალასთან არ შევქმნითო – სრული არათანმიმდევრულობაა. როგორი არათანმიმდევრულობაა იცით? მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არევაა. ლოგიკა არ არის. დარბოდნენ მთელ მსოფლიოში, შეაწუხეს ჩვენი პარტნიორები, უყვებოდნენ ათას ზღაპრებს, აზიანებდნენ ქვეყანას. მერე თქვეს, რომ მათ გაიმარჯვეს, მიაღწიეს პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ხვალ არჩევნები გვაქვს და დღეს რაღაცას აწერენ ხელს და ამბობენ, რომ თურმე კოალიციის შექმნის წინააღმდეგები არიან. არათანმიმდევრულობის პიკია.

იმის გამო, რომ მსგავსი უპასუხისმგებლო ოპოზიცია გვყავს, რომელიც ამას აკეთებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და უკვე გავაკეთეთ იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ კოალიცია ამჯერად არ დასჭირდება და იმედი, მაქვს, რომ 2024 წელს ოპოზიცია ცოტა გონს მოეგება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად