A1 ბანერი

პრემიერი: პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და რუმინეთს შორის უმაღლეს დონეზეა

“პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და რუმინეთს შორის, შეიძლება თამამად ითქვას, დღეს უმაღლეს დონეზეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ.” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუმინეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განაცხადა.

“ჩვენ მზად ვართ, გვქონდეს ამბიციური დღის წესრიგი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის, შავი ზღვის რეგიონში არსებული ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალის ბოლომდე ასათვისებლად. ამ კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანია ის შეხვედრა, რომელიც ბუქარესტში 2019 წლის 4 მარტს გაიმართა და რომელზეც საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი პოლიტიკური დეკლარაცია მოამზადეს ერთობლივი სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ. ჩემთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჯერ კიდევ “საქართველოს რკინიგზაში” მუშაობის პერიოდში ვიყავი ამ ახალი დერეფნის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ჩემთვის სასიხარულოა, რომ ამ ძალიან დიდი იდეის რეალიზაცია ხდება ეტაპობრივად.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიული ხარისხი მიენიჭოს – ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც ღიად ვაფიქსირებთ. სწორედ საერთო ძალისხმევით და ურთიერთობების სტრატეგიულ განზომილებაში გადაყვანით მოვახერხებთ ყველა იმ უმნიშვნელოვანესი საკითხის განვითარებას, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ და რომლებიც, როგორც რუმინეთისთვის, ასევე საქართველოსთვის მართლაც სტრატეგიულია.

ჩვენ ვაფასებთ, ევროკავშირში რუმინეთის პრეზიდენტობის აქტიურ ძალისხმევას, რათა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” იდეა და კონცეფცია მაღალ დონეზე შენარჩუნდეს. პარტნიორობის 10 წლისთავზე, ყველა თანხმდება, რომ მრავალ სფეროში მიღწეულ იქნა ძალიან დიდი პროგრესი, მაგრამ, ჩვენ ასევე აღვნიშნეთ ერთობლივი ძალისხმევით პარტნიორობაში ახალი დინამიკის, ახალი მუხტის შეტანის აუცილებლობა, რომლის მიზანია ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო მეტი დაახლოება და ინტეგრაცია.

საქართველო აგრძელებს ასოცირების შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციას. გვსურს, ინტეგრაციის, მათ შორის სექტორული დაახლოების ხარისხი გადავიყვანოთ ახალ, თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზე. ეს არის ჩვენს მიერ ბრიუსელში წარდგენილი საგზაო რუკის იდეა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უფრო მეტ დაახლოებას ევროკავშირთან და დარწმუნებული ვარ, რუმინელი მეგობრები ამ მიმართულებით აქტიურად დაგვეხმარებიან.

ჩვენ განუხრელად ვასრულებთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და მადლობას ვუხდით საერთაშორისო საზოგადოებას ამ საქმეში გვერდში დგომისთვის.” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...