პრემიერი ფრანგ ხალხს: “მე და ქართველი ხალხი თქვენ გვერდით ვდგავართ”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის (COP21) მონაწილეებს სიტყვით  მიმართა და გამოსვლა საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტზე საუბრით დაიწყო და საფრანგეთის პრეზიდენტს და ფრანგ ხალხს მიუსამძიმრა.
 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პარიზის ტრაგიკულმა მოვლენებმა მთელ მსოფლიოზე და საქართველოზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

„ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, ასეთ მძიმე ვითარებაში თქვენი ხალხის უპრეცედენტო თავშეკავებამ, სიმტკიცემ და სიმხნევემ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მე წილად მხვდა პატივი, ვყოფილიყავი სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი. პარიზს ყოველთვის მივიჩნევდი მეორე სახლად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდებული ქალაქი და ქვეყანა გაუძლებენ ბოროტი ძალების თავდასხმებს, რომელთა მიზანიცაა გაანადგურონ ყოველივე ის, რის აშენებასაც ჩვენ, ამ დარბაზში შეკრებილნი, ვცდილობთ. გარწმუნებთ, ამ ძნელბედობის ჟამს მე და ქართველი ხალხი თქვენ გვერდით ვდგავართ და მზად ვართ ნებისმიერი სახის დახმარებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ტერორიზმი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ არსებობს გამოწვევები, რომლებსაც ვერც ერთი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი და საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობის, თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობს.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს, როდესაც ტერორისტები ცდილობენ საზოგადოების დაყოფას არა მხოლოდ პარიზში, არამედ ლიბანში, მალიში, ეგვიპტეში, ნიგერიაში, თურქეთში, ტუნისსა და მსოფლიოს სხვა წერტილებშიც, მნიშვნელოვანია ერთად დგომა იმ პროგრესის დასაცავად, რომელსაც მსოფლიომ ბევრ სფეროში მიაღწია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად