პრემიერი: “ოცნება“ არასდროს ითანამშრომლებს ძალასთან, რომელიც ბოლო წლებში ორიენტირებული იყო დესტრუქციაზე

 ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც IRI-ის კვლევებიდან გამომდინარე კოალიციური მთავრობის შექმნაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროპორციულ არჩევნებზე, მითუმეტეს ნულოვანი ბარიერის პირობებში, რა თქმა უნდა, ამის ალბათობა გაცილებით მაღალია. მაგრამ 2020 წლის ოქტომბრამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი. მე ნაადრევად არ გავაკეთებდი ასეთ დასკვნებს. ეს იქნება დამოკიდებული მხოლოდ ქართველი ერის არჩევანზე. მაგრამ თვითონ საარჩევნო სისტემა, რომელიც ჩვენს მიერაა ინიცირებული, კოალიციური მთავრობის ალბათობას ნამდვილად ზრდის და აქაც ჩვენ ერთმნიშვნელოვანი პასუხი გავეცით.

„ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც არის გარანტი იმისა, რომ აუცილებლად მოხდება საქართველოს მშვიდობიანი განვითარება და მოხდება ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა, ანუ საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში. ამასთან ერთად, ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ არასდროს ითანამშრომლებს იმ ძალასთან, რომელიც მთელი ბოლო წლების განმავლობაში იყო ორიენტირებული მხოლოდ დესტრუქციაზე და იმაზე, რომ როგორმე საქართველო გაეხადათ აგრესიული დღის წესრიგის მძევალი, გინდა საგარეო და გინდა საშინაო პოლიტიკაში, რომელმაც ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა საზოგადოებას და ძალიან დიდი ზიანი ჩვენ ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...