პრემიერი: ოჯახში ძალადობის თემა უდიდესი პრობლემაა და დროულად უნდა მოგვარდეს

ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა; მართლმსაჯულების რეფორმა; სერვისების ხელმისაწვდომობა, ელექტრონული მმართველობა და მიწის რეგისტრაცია, – იუსტიციის სამინისტროს ეს ძირითადი პრიორიტეტები პრემიერ-მინისტრთან სამუშაო შეხვედრაზე გამოიყო, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტმა იუსტიციის სამინისტროს პროექტების პორტფელზე იმსჯელა, რომელიც თეა წულუკიანმა წარადგინა.

იუსტიციის მინისტრმა პრიორიტეტებს შორის დაასახელა საკანონმდებლო რეფორმები და პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობის პროექტს, დაამკვიდრებს მოქალაქის უფლებრივი მდგომარეობის მაღალ სტანდარტს და ხელს შეუწყობს ვიზალიბერალიზაციის და ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის შესრულებას.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, თითოეულმა სამინისტრომ ფიზიკურად ხელშესახები რეფორმები განახორციელოს.

„ოჯახში ძალადობის თემა ყველას შეშფოთების საგანია, რომელსაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ეს არის უდიდესი პრობლემა, რომელიც დროულად უნდა მოგვარდეს. ასევე პრიორიტეტულია მართლმსაჯულების რეფორმა და ამას საერთაშორისო პარტნიორებიც აღნიშნავენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იუსტიციის მინისტრმა, 2016 წლის მიზნებსა და პრიორიტეტებთან ერთად, 2013-2015 წლებში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

პრემიერმა მსგავსი ფორმატის შეხვედრა რამდენიმე მიმართულებით უკვე გამართა. მინისტრთა კაბინეტი ყველა უწყების პროექტების პორტფელზე ერთობლივად, სამუშაო რეჟიმში იმსჯელებს, რის შემდეგაც აქტუალური საკითხების პრიორიტეტიზაცია მოხდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...