პრემიერი: მივმართავ “პატრიოტთა ალიანსის” წევრებს, შეწყვიტონ პროტესტის რადიკალური ფორმა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციასთან პატრიოტთა ალიანსის წევრების მიერ გამართულ აქციას ეხმაურება და მათ შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

მისი განცხადებით, მათ ოპონირება სამართლებრივ და მშვიდ გარემოში უნდა განაგრძონ.

“მსურს გამოვეხმაურო მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გამართულ საპროტესტო აქციას.

ობიექტური გარემოებები მიუთითებს, რომ შუალედური არჩევნები კანონის შესაბამისად ჩატარდა და ორივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.

მიუხედავად ამისა, როგორც ჩემთვის ცნობილია, „პატრიოტთა ალიანსმა“ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, საგარეჯოს საარჩევნო ოლქში კონკრეტულ, შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, პროკურატურა კანონის სრული დაცვით იმოქმედებს.

მე პირადად აქტიურად დავაკვირდები და თვალყურს მივადევნებ ამ პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვის ნიშნები აღნიშნულთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ირმა ინაშვილმა შეძლო შუალედურ არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ რესპუბლიკელი კანდიდატისთვის, თამარ ხიდაშელისთვის რეალური ოპონირება გაეწია.

ფაქტია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური გარემო ღია და კონკურენტული გახდა. ეს მმართველი პოლიტიკური ძალისთვის დამატებითი ფაქტორია, რომ ოპონირების პირობებში გაორმაგებული ძალისხმევით იმუშაოს, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ასევე, მიმაჩნია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა გაუმჯობესებას და დახვეწას საჭიროებს, რაზეც მიმდინარეობს კიდეც მუშაობა. იმედი მაქვს, ამ პროცესში ყველა პოლიტიკური ძალა კონსტრუქციულად ჩაერთვება და კანონმდებლობის გაუმჯობესებაში საკუთარ წვლილს შეიტანს, რათა ყველამ ერთად მივიღოთ ისეთი სტანდარტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

მინდა მივმართო „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს, შეწყვიტონ პროტესტის ეს რადიკალური ფორმა და საარჩევნო კანონმდებლობასთან თუ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მშვიდ გარემოსა და სამართლებრივ ჩარჩოებში, პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებში, გააგრძელონ ოპონირება.

ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ორი ეროვნული მასშტაბის არჩევნები, მაღალი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ჩავატარეთ და საქართველოს მოქალაქეების არჩევანს კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დავაყენებთ”,-აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...