პრემიერი: კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გზების დეპარტამენტის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენთვის ინფრასტრუქტურის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და ამას აქვს სამი ძირითადი მიზანი. პირველი, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის უნიკალური, სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის ათვისება, მეორე – შევამციროთ სვლის დრო  და გავხადოთ უფრო კომფორტული და უსაფრთხო და მესამე – ეს არის ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ ვებრძოლოთ სიღარიბეს. სიღარიბეს, რომელიც არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის.

ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი. ეს ჩვენს საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ სამუშაო ადგილები არა მხოლოდ მშენებლობის პროცესში, არამედ პროექტების დასრულების შემდეგ ქართულ ბიზნესს მიეცეს საშუალება, შექმნას მეტი დოვლათი, მეტი სამუშაო ადგილები და გახადონ თავიანთი ბიზნესი მეტად კონკურენტუნარიანი. ჩვენ ამისთვის გვჭირდება მასშტაბური ინვესტიციები.

ჩვენ საზოგადოებას შევპირდით, რომ ძირითად კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ჩვენ დავასრულებთ 2022 წლის ჩათვლით და ეს მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტებია. მე მხოლოდ ორ მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას. პირველი, ეს არის პროექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაიწყო, ეს არის ჩქაროსნული მაგისტრალი რიკოთის უღელტეხილზე. ეს არის ძალიან რთული საინჟინრო ნაგებობა, მასში ჩვენ ძალიან დიდი ინვესტიციები გვექნება ჩვენ განსახორციელებელი, მაგრამ ჩვენ ამას აუცილებლად უმოკლეს ვადებში გავაკეთებთ. ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი თვალით იხილონ, თუ როგორ მიმდინარეობს ინტენსიური მშენებლობის პროცესი.

მეორე – რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება მეორე ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტი – კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში. რა თქმა უნდა მას სჭირდება ინვესტიციები და ეს ინვესტიციები უკვე მოძიებული და ხელმოწერილია.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ჩვენ უნდა გვქონდეს მხედველობაში, თუ რა დამატებით სარგებელს მოუტანს ეს ჩვენს მოქალაქეებს და ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო პროექტი, რომელიც ჩვენ შარშან განვახორციელეთ, ეს იყო საბაგირო ახალი, რომელმაც დააკავშირა კობი გუდაურს. ჩვენ შედეგად მივიღეთ, რომ კობი გაცოცხლდა, მასში შევიდა ახალი სიცოცხლე და თქვენ დღეს ფაქტობრივად ვერ ნახავთ თავისუფალ ადგილს, რომელზეც არ მიდიოდეს საუბარი, რომ ახალი სასტუმროა ასაშენებელი ან ახალი ტურისტული ობიექტი. ასეთმა პროექტმა ჩვენ საშუალება მოგვცა რომ თრუსოს ხეობაში შეგვეტანა ახალი დინამიკა და დარწმუნებული ვარ, შემდეგი წლების განმავლობაში ეს ორივე ძალიან ლამაზი ადგილი ინტენსიურად განვითარდება. პირადად ჩემთვის ეს არის ორიენტირი, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ინფრასტრუქტურა საქართველოში.

ბუნებრივია, ჩქაროსნული მაგისტრალების გარდა მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს გზების მშენებლობა ყველა დასახლებულ პუნქტამდე. საზოგადოებას ვპირდები, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ, საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე ჩვენ გვექნება შესაბამისი სტანდარტის გზა. დღეს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მთიან რეგიონებში ისვენებენ, აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი თვალით იხილონ როგორ მიმდინარეობს ეს აღმშენებლობის პროცესი.

ჩვენს ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომელიც არასდროს აშენებულა. დღეს ჩვენ ვაშენებთ 140 კილომეტრიან ჩქაროსნულ მაგისტრალს და რეაბილიტაცია უტარდება 500 კილომეტრამდე საავტომობილო გზას. ასეთი ტემპები და მასშტაბები ჩვენ ინფრასტრუქტურის განვითარებაში არასდროს გვქონია. ეს არის ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელი და ჩვენ გვჭირდება მეტი. იცით, რომ წლევანდელი ინფრასტრუქტურის განვითარების ბიუჯეტი გავზარდეთ 20 პროცენტით, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებები გვაძლევს იმის საშუალებას განვაცხადოთ, რომ 2019 წლის ბოლომდე კიდევ უფრო მაღალი შესრულების ტემპები გვექნება.

ცალკე მინდა ხაზი გავუსვა ნაპირსამაგრი სამუშაოების აუცილებლობას, ვინაიდან, ეს პრობლემა ხდება უფრო და უფრო აქტუალური, აქედან ნ გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ვალდებულება უფრო მეტი ინვესტიციები განვახორციელოთ ამ მიმართულებით და მეტი ახალი ტექნოლოგიები მოვიზიდოთ, ვინაიდან, ნაპირსამაგრი სამუშაოები იქნება გამოწვევა შემდეგი წლების განმავლობაში.

რა თქმა უნდა, როდესაც სამუშაოების მასშტაბი ასე გაიზარდა, სამინისტრომაც ძალიან დიდი საქმე გასწია, როდესაც ბევრო პროცედურული საკითხის შეცვლა დაგეგმა და განახორციელა ძალიან წარმატებით. ჩვენ სხვანაირად ვერ მივაღწევდით ამ ტემპებს, აქედან გამომდინარე, სამინისტროს,  მის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო. მინდა მადლობა გადავუხადო გზების დეპარტამენტს და რა თქმა უნდა ჩემი განსაკუთრებული მადლობა საერთაშორისო პარტნიორებს, დონორებს და კონტრაქტორ კომპანიებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ჩვენ ეს ისტორიული მნიშვნელობის პროექტები რაც შეიძლება ხარისხიანად და მოკლე დროში დავასრულოთ”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

პ.ს. ფოტოზე ასახულია  ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის პროექტის ვიზუალური გამოსახულება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად