პრემიერი: კარგია, რომ გიორგი გახარია მედიასთანაც აქტიურად მუშაობს

ამის შესახებ პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე, 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის მიესალმება გამოძიების პროცესში საქართველოს პროკურატურისა და სახალხო დამცველის ჩართულობას.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ის ფაქტიც, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია ყოველთვის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლობას და მედიის შეკითხვებსაც უპასუხოს.

„მივესალმები პროკურატურის გადაწყვეტილებას და მინდა ყველას შევახსენო, რომ საქმეს იძიებს სწორედ საქართველოს პროკურატურა და ამავე დროს მივესალმები სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობას ამ პროცესში.

ბუნებრივია, გამოძიებას აქვს თითოეული დეტალი, ნიუანსი გამოსაძიებელი და დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი შეკითხვები იქნება ყველა ადამიანთან. გიორგიმაც არაერთხელ განაცხადა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს და ის ამავე დროს, კარგია, რომ მედიასთანაც აქტიურად მუშაობს. იმიტომ რომ კითხვები, რომლებიც არსებობდა, ჩვენ ვიყავით მოწოდებული და მომზადებული ვართ, რომ გავცეთ მასზე კონკრეტული პასუხი. პასუხები კი არის ძალიან კონკრეტული და ობიექტური, მაგრამ ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებამდე, მედიის დახმარებით ეს კითხვები მივიდეს ობიექტურად და სამართლიანად, ყოველგვარი ინტერპრეტაციების გარეშე. სამწუხაროა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ ხდება ზოგიერთი გამონათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია. აქედან გამომდინარე, ვისთანაც ექნება პროკურატურას კითხვები, ნებისმიერი ადამიანის მიმართ, მე დარწმუნებულ ვარ, რომ პროკურატურაში დასვამენ და ვინც არ უნდა იყოს, აუცილებლად გასცემს პასუხს, მითუმეტეს, გიორგი, რომელმაც ამაზე მზადყოფნა არაერთხელ დააფიქსირა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...