პრემიერი: გვსურს, საქართველომ მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს თავი, როგორც საუკეთესო ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანამ

ჩვენ გვსურს, გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი და საქართველომ მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს თავი, როგორც საუკეთესო ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუდაურში განაცხადა, სადაც ზამთრის სეზონი დღეს ოფიციალურად გახსნა.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ წლევანდელი წელი ტურისტებისთვის განსაკუთრებული და მართლაც დაუვიწყარი იქნება, ვინაიდან გუდაური ახალ სეზონზე დამსვენებელს ბევრ სიახლეს სთავაზობს.

გუდაური ახალ სეზონს 6 ახალი საბაგირო გზით ხვდება, რომელთა შორის ორი ძველი, ახლად რეაბილიტირებული გზაა.

“სასიხარულოა, რომ 6 ახალი საბაგიროდან 3 არის გუდაური-კობის მონაკვეთზე, რაც მნიშვნელოვანია, რომ კობი, გუდაური და სტეფანწმინდა ერთ კლასტერში განვავითაროთ. ეს პროექტები საშუალებას მოგვცემს, დაახლოებით ოთხჯერ გავზრდოთ გამტარუნარიანობა გუდაურში. ეს იმას ნიშნავს, რომ გუდაურში ტურისტებისთვის იქნება განსაკუთრებით კომფორტული გარემო და აღარ გვექნება ის რიგები, რომლებიც წინა წლებში ყველას გვაწუხებდა. ამასთან ერთად, მიმდინარეობს სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც. თითქმის სრულდება წყლის რეზერვუარის პროექტი, გუდაურის დიდ ნაწილში უკვე დამონტაჟებულია ხელოვნური გათოვლიანების ინფრასტრუქტურა. ჩენ გვსურს, გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი და ამისთვის საჭიროა, ხელოვნური გათოვლიანების სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, ზამთრის კურორტებზე პატრულირებისთვის სპეციალური ტრენინგი გაიარა საპატრულო პოლიციის 82-მა თანამშრომელმა და ყველგან, ზამთრის კურორტებზე – გუდაურში, ბაკურიანში, ზემო აჭარაში და სვანეთშიც მუშაობენ პატრულის შესაბამისად ეკიპირებული შემადგენლობები, რომლებსაც პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა.

“წელს ჩვენ აღვნიშნავთ კურორტ გუდაურის 30 წლის იუბილეს და ჩვენი ამოცანაა, რომ როგორც 30 წლის წინ, ამ კურორტის განვითარების დასაწყისში მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოს ზამთრის კურორტები საუკეთესო ყოფილიყო მსოფლიოში, ღირსეულად უნდა გავაგრძელოთ ამ გზავნილის რეალურ ცხოვრებაში განხორციელება. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების მეშვეობით საქართველო მართლაც დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ყველაზე წარმატებული ზამთრის კურორტების ქვეყანა”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გუდაურში პროექტების განხორციელებაში ჩართულ ადამიანებს, ასევე “დოპელმაიერს” და სხვა კომპანიებს, რომლეებმაც უმოკლეს ვადებში შეძლეს მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაცია, დამსვენებლებს კი ახალი სეზონის გახსნა მიულოცა.

ზამთრის სეზონის გახსნის ცერემონიაში მთავრობის მეთაურთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი და კომპანია “დოპელმაიერის” წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...