პრემიერი: გახარია არ გაურბის პასუხისმგებლობას ისევე, როგორც მე და ჩვენი გუნდის სხვა წევრი

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელის შს მინისტრის გიორგი გახარიას დროს მომხდარ გამოუძიებელ საქმეებს ( ხორავას ქუჩის საქმე, პანკისის ხეობის საქმე, ბასიანი, 20 ივნისის ღამე) ეხებოდა.

“ვფიქრობ, რომ შეკითხვაში ცდილობთ, ხელოვნურად დაამძიმოთ კითხვის კონტექსტი. ეს „ქეისები“… რამდენიმე მათგანი არის ტრაგიკული, გამოძიება მიმდინარეობს, ვინც სასტიკი დანაშაული ჩაიდინა – ხორავას ქუჩის საქმეს ვგულისხმობ, იცით, რომ ეს სასამართლოში იხილება. რატომ უკავშირებთ ამ საქმეებს ერთმანეთს? თქვენ მითხარით, რომ რამდენიმე საკითხი დაგროვდა ერთად. მოდით, გულწრფელები ვიყოთ.

ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა იმ დღეს თბილისში და ეს იყო ტრაგედია თითოეული ადამიანისთვის. მიმდინარეობს გამოძიება. ამ საქმეს ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა და 100%-ით უზრუნველყოფილია გამჭვირვალობა. მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და არ შეეცადოთ, დავუკავშიროთ ერთმანეთს ისეთი საქმეები, რომელთაც ბუნებაში კავშირი არ აქვთ. რაც შეეხება თავად გიორგის, ბუნებრივია, ის არის ჩვენი გუნდის წევრი და თქვენი კითხვის კონტექსტი არის სრულიად არარელევანტური.

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვერ დაასახელებთ ვერც ერთ ადამიანს ჩვენს გუნდში, რომელიც თავის სკამს გამოეკიდება, ასეთი ფიზიკურად არ არსებობს, მაგრამ რასაც უპასუხისმგებლო ოპოზიცია ითხოვს, ეს არის სრულიად მიუღებელი. ანუ, ამბობენ იმას, რომ კონსტიტუციის დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან თურმე ყოფილა ბოროტება და პარლამენტის შტურმით აღება არის პატრიოტიზმის გამოვლინება.

ეს არის ის კონტექსტი, რა კონტექსტის განვითარებაც სურთ ამ უპასუხისმგებლო ადამიანებს. გიორგი არ გაურბის პასუხისმგებლობას, ისევე, როგორც არც მე და არც ჩვენი გუნდის სხვა წევრი. ამიტომ არის, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებულები, რომ გამოძიება ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად, ობიექტურად დ გამჭვირვალედ იმ ცალკეულ შემთხვევებზე, როდესაც ადგილი ჰქონდა სამართალდამცავების, გარკვეული პირების მხრიდან ძალის ზედმეტ გამოყენებას“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...