პრემიერი: ეკონომიკის სამინისტრო გამოიტანს 100 პროექტს, სასარგებლო წიაღისეულის რესურსების პრივატიზებაზე

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“მინდა რამდენიმე აქცენტი გავაკეთოთ ეკონომიკის სამინისტროს მუშაობის მიმართულებით. მოგეხსენებათ, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ სამუშაო ადგილები. მოგეხსენებათ, ბოლო ინიციატივა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ორი თვის წინ, 100 ახალი შეთავაზება ბიზნესს განვითარდა ძალზედ წარმატებულად. დღეის მდგომარეობით 38-ზე მეტი ობიექტი არის პრივატიზებული და საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოსავლები გვაქვს.

აქ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ როგორც ჩვენ დავპირდით ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ბიზნესს, ეს ნუსხა ყოველთვის იქნება მინიმუმ 100 ობიექტისგან შემდგარი. ეს არის ჩვენი ამოცანა. ეს ნიშნავს დაჩქარებულ, ეფექტურ და სახელმწიფოსთვის შედეგიან პრივატიზებას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ ეს არის ახალ სამუშაო ადგილების, ახალი ინვესტიციების, ახალი ენერგიის ეკონომიკაში მამოძრავებელი ძალა. მოგეხსენებათ, რომ კერძო სექტორი არის ჩვენი ეკონომიკის განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალა, ისევე როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა.

ამ ინიციატივასთან ერთად ( 100 შეთავაზება ბიზნესს) ეკონომიკის სამინისტროში დაიბადა ძალზე კარგი ახალი იდეა, რომელიც აძლიერებს იგივე მიდგომა სასარგებლო წიაღისეულის, როგორც 100 დამატებითი საინვესტიციო პროექტის შეთავაზების ბიზნესისთვის. მოგეხსენებათ, ბუნებრივი რესურსების მართვა ეს არის ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი.

მოგეხსენებათ, რომ ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით დღეს სახელმწიფო ახორციელებს ძალზე სერიოზულ რეფორმას, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ, სასარგებლო წიაღისეულის ეფექტური მართვა და ასევე ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისი დაცვა. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში გამოიტანს 100 დამატებით პროექტს, რომელიც ნიშნავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების დამატებით პრივატიზებას, ბიზნესისთვის შეთავაზებას, რომელიც მისცემს საშუალებას ქვეყნის ეკონომიკას უახლესი წლების განმავლობაში დამატებით დაახლოებით 120 მილიონის ინვესტირების ბაზისი შექმნას, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი და მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ის, ყველა ის რესურსი, რომელიც დღეს არაეფექტურად არის გადანაწილებული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში ან საერთოდ არ არის იდენტიფიცირებული, იყოს იდენტიფიცირებული და მაქსიმალურად ეფექტურად ჩაეშვას ეკონომიკაში, მოხდეს მისი იდენტიფიცირება” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად