პრემიერი დევნილებს ოლიმპიური ქალაქის ჯერ 16 კორპუსს დაჰპირდა, შემდეგ კი 8-ს

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდეგ დევნილებმა სახელმწიფოსგან გარკვეული რაოდენობის ბინები უნდა მიიღონ. მოცემულ ფოტოზე მოყვანილია 25 აპრილს პრემიერის განცხადების შინაარსი, თუმცა პრემიერმა დევნილები შეცდომაში მანამდეც, პარლამენტში, პლენარულ სესიაზე შეიყვანა.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 აპრილს განაცხადა, რომ დევნილები დასახლებაში 16 კორპუსს მიიღებენ. თუმცა ამ პერიოდისთვის დევნილთა სამინისტროსგან ცნობილი იყო, რომ დევნილებისთვის 9 კორპუსის გადაცემა იყო გადაწყვეტილი. 25 აპრილს პრემიერმა ქუთაისში, საზოგადოების წინაშე შემდეგი განცხადება გააკეთა:

"ყველამ კარგად იცით კომპანია ჰუალინგი, რომელიც უზარმაზარ ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში. კერძოდ, თბილისში ეს არის 300 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. ეს იქნება ოლიმპიური ქალაქი, რომელიც სახელმწიფომ შეიძინა და სადაც ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ ჩვენ ამ 16 კორპუსს, თანამედროვე შენობებს გადავცემთ ჩვენს დევნილებს", – განაცხადა 25 აპრილს ღარიბაშვილმა.

"აიპრესი" პრემიერის გაჟღერებული განსხვავებული მონაცემების გამო მის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ 9 კორპუსის გარდა, დანარჩენი კორპუსების შესყიდვაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინვესტორთან, გააჩნია ფასს და პირობებს. პროცესი არ არის დასრულებული. 9 კორპუსი არის უკვე შესყიდული. მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ შესყიდული კორპუსების რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, ამ ეტაპზე ჯერ 9 კორპუსი არის შესყიდული",-აცხადებენ პრემიერმინისტრის პრესსამსახურში.

 

პრემიერ–მინისტრმა ათლეტთა სოფელი დაათვალიერა

მთავრობამ მოლაპარაკება აწარმოა ინვესტორთან და შეიძინა 8 კორპუსი დევნილებისთვის; ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდეგ ჩვენ გადავცემთ დევნილებს საცხოვრებელ ბინებს,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიური სოფლის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.მან მადლობა გადაუხადა "ჰუალინგ ჯგუფის" პრეზიდენტს მი ენხუას განხორციელებული პროექტისთვის და მას გამორჩეული ინვესტორი უწოდა. "2007 წლიდან დღემდე ჩვენს ინვესტორს საქართველოში დახარჯული აქვს 500 მილიონ დოლარამდე. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნისთვის. გასულ წელს ყველაზე მსხვილი ინვესტორი სწორედ ბატონი მი ენხუა იყო. მინდა, მას მადლობა გადავუხადო ამ არაჩვეულებრივი კომპლექსის აშენებისთვის. ეს კომპლექსი მთლიანად აღჭურვილია ჩვენი ინვესტორის კომპანიების მიერ. ავეჯის ნაწილი წარმოებულია საქართველოში, ქუთაისის ფაბრიკაში, ნაწილი შემოტანილია. ასევე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი, კვების ობიექტი, სპორტული კომპლექსი, აუზი აშენებულია ჩვენი ინვესტორის მიერ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მის ინვესტიციას საქართველოში და მზად ვართ ხელი შევუწყოთ დამატებით სხვა პროექტების განსახორციელებლად", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.თავის მხრივ, „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტმა მი ენხუამ საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა და პრემიერ–მინისტრს მადლობა გადაუხადა საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერისთვის. დროშის აღმართვით, ოლიმპიური ფიცის დადებით და სოფლის მერის წარდგენით, დღეს ოლიმპიური სოფელი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ათლეტების საცხოვრებელი ბინები, სოფლის სასადილო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი და ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო დაათვალიერა.ოლიმპიური სოფელი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 50 000 კვ.მ ფართობზეა გაშენებული. პროექტის სამშენებლო სამუშაოები ჩინურმა კომპანია "ჰუალინგ ჯგუფმა" განახორციელა. კომპლექსი აერთიანებს 9 საცხოვრებელ კორპუსს, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რესტორანსა და რეკრეაციულ ზონას. ათლეტების სოფელში 4 000-მდე სპორტსმენი და ოფიციალური პირი იცხოვრებს. ფესტივალის მსვლელობის დროს ოლიმპიურ სოფელში ყოველდღე გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები.

Posted by Irakli Garibashvili on 20 Июль 2015 г.

დევნილთა სამინისტროში "აიპრესთან" საუბრისას აცხადებენ, რომ 16-მდე კორპუსის შესყიდვა სურთ, თუმცა განსხვავებულ ფასს ინვესტორს აღარ შესთავაზებენ.

"იქ არის 8 კორპუსი შესყიდული, მაგრამ ერთ-ერთი კორპუსი ორსადარბაზოიანია და 9 კორპუსად ითვლება. დარჩენილ კორპუსებზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. რაც შეეხება ინვესტორთან მოლაპარაკების დროს ფასს, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გავზრდით. ახლა სექტემბერში იგეგმება 298 დევნილი ოჯახის შესახლება", – აღნიშნავენ დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურში.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ ქალაქში სულ 16 კორპუსია და მათ ნაწილში ბინების გაყიდვას ინვესტორი კომპანია "ჰუალინგი" დღესაც აგრძელებს.

ცნობილია ასევე ისიც, რომ ოლიმპიური ფესტივალის დასრულების(1 აგვისტოს) შემდეგ, სექტემბერში 298 დევნილი ოჯახი მიიღებს. დევნილების შემდგომი ნაკადი კომპლექსში ბინებს 2016 წლის პირველ კვარტალში მიიღებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...