ჩვენ დიდად ვაფასებთ გერმანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ჩვენი ევროპული არჩევანისადმი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის მტკიცე ნებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ქალბატონო სახელმწიფო მინისტრო, ელჩო ფიშერ, ქალბატონო ფიშერ, თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა და  გერმანიის ერთიანობის დღის აღნიშვნა ამ დიდი ქვეყნისა და ერის გაერთიანების ნიშნად. ეს დღე, რომელიც არა მხოლოდ გერმანელებისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გახდა შთაგონების წყარო, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ევროპაში არსებული გამოწვევების ფონზე. დღეს, როგორც არასდროს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის როლი გადამწყვეტია ჩვენს კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის.

გერმანიასა და საქართველოს საიმედო და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ისტორია აკავშირებთ. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება, ბოლო დროს კიდევ უფრო დაახლოვდა და უპრეცედენტო დინამიკაში გადაიზარდა.

ამ მზარდი კავშირის ჭეშმარიტი და ხელშესახები დასტურია მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები, რომლებმაც ჩვენი ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანა. ხსენებული ვიზიტები და შეხვედრები ცხადყოფს გერმანიის განსაკუთრებულ ინტერესს, გერმანიის მხარდაჭერასა და გერმანიის აქტიურ ჩართულობას საქართველოსთან მიმართებით, განსაკუთრებით ჩვენი ერის ისტორიის ამ გადამწყვეტ პერიოდში. ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ გერმანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ჩვენი ევროპული არჩევანისადმი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის მტკიცე ნებას.

ძვირფასო მეგობრებო, გასული წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი იმპულსი შესძინა ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან. მას შემდეგ საქართველო გულმოდგინედ მუშაობს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და ვიმედოვნებთ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ მიერ მიღწეული შესამჩნევი პროგრესი შესაბამისად იქნება აღიარებული. დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს წინსვლას და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსადმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მტკიცედ დააკავშირებს ევროკავშირთან; ამ საქმეში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას ველით“, - განაცხადა პრემიერმა.