პრემიერი: ჩვენი მოსახლეობის 80% მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას – მესმის, რომ ეს რუსეთისთვის შეიძლება არ იყოს სასურველი სცენარი

“ჩვენი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, არც ერთი სახელმწიფოს, მათ შორის არც რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული”.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადს და ამ პროცესთან დაკავშირებით კრემლის განცხადებებს შეეხებოდა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს არჩევანი, ევროინტეგრაციის არჩევანი არის არამხოლოდ ერთი კონკრეტული მთავრობის, ან პოლიტიკური გუნდის არჩევანი, არამედ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი.

„ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მე მესმის თქვენი კითხვა და მესმის, რომ ეს რუსეთისთვის შეიძლება არ იყოს სასურველი სცენარი, მაგრამ ეს არის არჩევანი, რომელიც არის შეუქცევადი. ჩვენ ეს პროცესი შეუქცევადი გავხადეთ ჩვენს მიერ 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერით. ჩვენი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის წევრი არც ერთი სახელმწიფოს მათ შორის არც რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...