პრემიერი: ჩვენი მოლოდინით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა მილიარდს მიუახლოვდება

მამუკა ბახტაძე ილჰამ ალიევს პირისპირ შეხვდა. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა ხაზი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. საქართველოს მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა “ზაგულბას” სასახლეში უმასპინძლა. 

“ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ბაქოში – ქალაქში, რომელიც უფრო და უფრო ლამაზდება. მე აქ ძალიან ხშირი ვიზიტები მქონდა, როდესაც “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელი ვიყავი და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგად აჩვენებს იმ დიდ ეკონომიკურ პროგრესს, რომელიც არის აზერბაიჯანში.

საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ჩვენთვის ხალხთაშორის ურთიერთობებს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი მეზობლობა და მეგობრობა საუკუნეების განმავლობაში კი მართლაც სამაგალითოა. ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ისეთი საფუძველი ჩაუყარეს ამ ურთიერთობებს, ჩვენ ძალიან გაგვიადვილდა მათი კიდევ უფრო განმთტკიცება და გამყარება.

ის რეგიონული პროეტები, რომლებიც ერთად განვახორციელეთ, მართლაც რომ საერთაშორისო და ისტორიული მნიშვნელობისაა. ჩვენ ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს რეგიონული პროექტების ნაწილში ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ბევრი სხვა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ მხრივ პოტენციალი კიდევ ძალიან დიდია და დარწმუნებული ვარ, ორმხრივი ძალისხმევის შედეგად, რეგიონული პროექტების პოტენციალს კიდევ უფრო უკეთ ავითვისებთ. მოხარული ვარ, რომ სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის იზრდება. წელს მოლოდინია, რომ ის მილიარდს მიუახლოვდება, მაგრამ ვფიქრობ, ესეც არ არის პოტენციალის სრულფასოვანი ათვისება.

დარწმუნებული ვარ, ორმხრივი თანამშრომლობის შემთხვევაში შემდეგ ორ წელიწადში, დიდი დაბრკოლების გარეშე, შეგვიძლია, ეს ბრუნვა 50-60%-ით გავზარდოთ. ამასთან ერთად სასიხარულოა, რომ ბევრ სხვა სფეროში, როგორიცაა კულტურა, ხელოვნება და სპორტი, ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი და სამაგალითოა. ძალიან მოხარულნი ვართ, რომ აზერბაიჯანელი ტურისტები და ინვესტორები საქართველოში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი მიზნის მიღწევას შევძლებთ”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ და ილჰამ ალიევს მეგობრული დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...