პრემიერი: ჩვენ შევქმენით მექანიზმი, როდესაც პენსიონერი არ ელოდება არჩევნებიდან არჩევნებამდე პენსიის ზრდას

ჩვენ არც ერთი დღე, არც ერთი წამი არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ოკუპაცია. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს სრული განვითარება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებში, მაგრამ რა თქმა უნდა გონივრულად და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ვოლსკის წარდგენისას განაცხადა.

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ ჩვენს დევნილებზე, მათ საყოფაცხოვრებო, საცხოვრებელ პირობებზე, მაგრამ საბოლოო მიზანი სახელმწიფოსი, მთავრობის, ყოველთვის უნდა იყოს ჩვენი დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის. საქართველოს მთავრობა არჩევნების შემდგომ გააგრძელებს ზრუნვას ყველა იმ მიზნობრივ ჯგუფზე, ვისაც ეს ზრუნვა პირველ რიგში სჭირდება, რა თქმა უნდა, ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე, ჩვენს პენსიონერებზე.

ჩვენ შევქმენით პენსიის ინდექსაციის ის მექანიზმი, როდესაც პენსიონერი არ ელოდება არჩევნებიდან არჩევნებამდე პენსიის ზრდას. ეს არის ჩადებული კანონის შესაბამისად, მიბმულია ეკონომიკურ ზრდაზე და არის დაფიქსირებული ის მინიმალური ზრდა, რომელიც ჩვენს პენსიონერებს ეკუთვნით და უნდა ჰქონდეთ. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია განათლების რეფორმა, ზრუნვა ჩვენს მომავალ თაობაზე. მომავალ თაობაში, მათ განათლებაში ჩადებული რესურსი არის ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთადერთი შესაძლებლობა. ჩვენ ყველამ ერთად, 31 ოქტომბერს, რა თქმა უნდა, სამართლიან, ღირსეულ ბრძოლაში გამარჯვება უნდა მოვულოცოთ ერთმანეთს, გამარჯვებას გისურვებთ!“ – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად