პრემიერი: ჩვენ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ აღორძინების გეგმაზე მუშაობენ კემბრიჯში და ნიუ იორკის deloitte-ის ოფისშიც

რაც შეეხება პოსტკრიზისულ გეგმებს, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, პარტნიორების დახმარებით, გარდა ადგილობრივი ჯგუფებისა, ექსპერტებისა, ჩვენს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ აღორძინების გეგმაზე მუშაობს კემბრიჯში, ძალიან სერიოზული პროფესორების ჯგუფი და ამაში გვეხმარებიან ჩვენი დონორები, საერთაშორისო პარტნიორები, ისევე, როგორც ნიუ იორკის deloitte-ის ოფისიც, ასევე მუშაობს საქართველოს პოსტკრიზისული გეგმის შექმნაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ამ გეგმას, როგორც კი დასრულდება, მთავრობა წარმოადგნეს და ღია გახდება, ყველას ექნება დისკუსიის შესაძლებლობა.

გიორგი გახარიამ განმარტა, რომ ფორმატი არჩეული იყო ანგარიშის და არა მომავლის გეგმებზე საუბრის, თუმცა, ამასთან დაკავშირებითაც, განსაკუთრებით ეკონომიკურ განვითარების ნაწილში, მთავრობას უახლოეს დღეებში ექნება გარკვეული ანტიკრიზისული პროგრამების უკვე შემდგომი წარდგენა. მისივე თქმით, ეს არის დეველოპმენტი და შემდეგი იქნება სამედიცინო სფერო.

„რა თქმა უნდა, მთავრობის ერთ წლიანი მუშაობის ანგარიში პირველ ივნისს, როგორც კანონით არის გათვალისწინებული, იქნება წარდგენილი პარლამეტში წერილობითი სახით და შემდგომ ვნახოთ, როგორ შედგება გრაფიკის მიხედვით. ისევე, როგორც დღევანდელი ანგარიში იქნება წერილობით წარდგენილი უახლოეს დღეებში და ეს იქნება ღია დოკუმენტი, ყველას ექნება საშუალება, რომ გაეცნოს. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ აქ ბევრი იყო საუბარი, რომ ჩვენ წარსულზე ვსაუბრობთ, მომავლის გეგმებზე არ ვლაპარაკობთ. ჩვენ აქ მოვედით ჩვენი ნებით, ანგარიშის სახით. გვესმის, ნაწილობრივ ლეგიტიმური კითხვების – რატომ არ იყავი მაგალითად საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს და ა.შ. თუმცა, ამასაც თავიდანვე ვუპასუხებ. ძვირფასო პარლამენტარებო, ეს რეგლამენტი არის თქვენი მიღებული და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი თანამდებობის პირები შეიძლება იყვნენ წარმოდგენილები. მერწმუნეთ, რომ ჩვენ ამ დროს საჭირო საქმეს ვაკეთებდით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რეგლამენტი ამას ითვალისწინებს და ჩვენ არაფერი არ დაგვირღვევია“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად