პრემიერ მინისტრი: გუდაურის წყალმომარაგება, წლევანდელ სეზონზე იქნება გადაწყვეტილი

ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ყაზბეგში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა გუდაურზე ისაუბრა და აქ არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.
„უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ გუდაურს. გუდაურის უკვე წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა, ჩვენთვისაც გაჭიანურებული გუდაურის წყალმომარაგება, წლევანდელ სეზონზე იქნება გადაწყვეტილი და ეს პრობლემა გუდაურში აღარ იარსებებს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ წელს, ამ პანდემიის პირობებში, ტურისტების რაოდენობა ბუნებრივად შეგვიმცირდა. ცალკე აღებული საქართველო ვირუსს ვერ დაამარცხებს, მაგრამ ყველაზე ეფექტურები უნდა ვიყოთ ჩვენ და ყველაზე სწრაფად უნდა მოვახერხოთ ჩვენი ეკონომიკის აღდგენა. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ყველამ უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს მივცეთ საუკეთესო განათლება და არ ჰქონდეს მნიშვნელობა, ეს არის თბილისის თუ ყაზბეგის სკოლაში, ჩვენს მოხუცებს ჰქონდეთ ძლიერი სოციალური დახმარება და ამიტომ არის, რომ ყაზბეგის ყველა სოფელს აქვს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი, რაც პირდაპირი სოციალური დახმარებაა თითოეული აქ მცხოვრები მოქალაქისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყველას გვქონდეს თანაბარი, სამართლიანი პირობები, იმისთვის, რომ ვიშრომოთ და სამართლიანად, ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად