პრემიერ მინისტრი ბაჩალიაშვილის ოჯახზე: როდესაც გამოძიება დასრულდება, შეხვედრის პრობლემა არ მექნება

პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს მას შემდეგ შეხვდება, რაც შესაბამისი უწყებები საქმის გამოძიებას დაასრულებენ.

“მე როგორც ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი, ვალდებული ვარ პატივი ვცე ინსტიტუტებს. არავის მივცემ უფლებას გაგრძელდეს პოლიციის და საერთოდ მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც დღეს ხორციელდება. ჩვენ ყველას, თითოეულ მოქალაქეს უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელიგიტიმაცია, რასაც დღეს უპასუხისმგებლო ადამიანები მიზანმიმართულად ახორციელებენ, პირველ რიგში არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის ხვალ, ამიტომ არავის უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. მე მშობლებთან ერთად, ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგებს და რა თქმა უნდა მას შემდეგომ, რაც გამოძიება დასრულდება, შეხვედრის არანაირი პრობლემა არ გამაჩნია. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობა ქვეყნის ინსტიტუტების და მშობლების წინაშე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მომხდარი არა მხოლოდ მათი, არამედ ქვეყნის ტრაგედიაა.

“პირველ რიგში მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ფაქტის გამო. უდიდესი ტრაგედიაა, როდესაც ახალგაზრდა გოგოს ვკარგავთ. ვუსამძიმრებ ოჯახს. ეს ქვეყნის ტრაგედიაა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად