პოროშენკო: უკრაინელი მეზღვაურები 21 ივლისამდე სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი, პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერი, პეტრო პოროშენკო, 90 პროცენტით დარწმუნებულია, რომ 21 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაეროს საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება უნდა შეასრულოს და უკრაინელი მეზღვაურები სამშობლოში დააბრუნოს. ამის შესახებ მან ICTV- თან ინტერვიუში განაცხადა.

“პუტინს ნათლად ესმის რუსეთის წინაშე არსებული გამოწვევები და მისი შედეგები. დღეს სრულიად ნათელი მექანიზმია ის, რომ მოსკოვმა გაეროს არბიტრაჟის გადაწყვეტილება უნდა შეასრულოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი ბიჭები 21 ივლისამდე სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ”, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.

9 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში დაკავებულ 24 მეზღვაურს საბოლოო საბრალდებო დასკვნა წარუდგინეს.

25 მაისს, ჰამბურგში, საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა ჰამბურგში უკრაინის სარჩელზე დადგენილება გამოიტანა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი ვალდებულია გაანთავისუფლოს 2018 ნოემბერში ქერჩის სრუტეში დაკავებული 24 მეზღვაური და დაუბრუნოს უკრაინას სამი სამხედრო ხომალდი. ტრიბუნალის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ორივე მხარემ 25 ივნისამდე უნდა წარადგინოს  ანგარიში ქერჩის სრუტეში მოვლენების შესახებ.

ცნობისთვის, 25 ნოემბერს, ოდესიდან მარიუპოლისკენ უკრაინული მცირე ჯავშნიანი კატარღა “Бердянск” და “Никополь”, აგრეთვე ბუქსირი “Яны Капу” მიემართებოდა, როდესაც რუსული სასაზღვრო გემი “Дон” უკრაინულ “Яны Капу”-ს შეეჯახა. დაზიანდა ორივე ხომალდი. როდესაც უკრაინულმა გემებმა ქერჩის სრუტისკენ დაიწყეს მოძრაობა, რუსული გემები მათ გაჰყვნენ, ცეცხლი გაუხსნეს და უკრაინული ხომალდები დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის ორი დაჭრილია. რუსული მხარე უკრაინის ქმედებებს პროვოკაციულს უწოდებს.

აზოვის ზღვაში განვითარებული მოვლენების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...