“პოროშენკო დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის დანიშვნა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული არ არის”

"უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უშტატო მრჩევლად არ არის საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული”,-ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა ვასილ ციბენკომ საგარეო საქმეთა სამინსიტროს შენობაში შესვლამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

როგორც ციბენკომ აღნიშნა, უკრაინა ყურადღებით შეისწავლის სააკაშვილის დანიშვნაზე საქართველოს საგარეო უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

"უკრაინას სჯერა, რომ შეუძლია გამოიყენოს სააკაშვილის გამოცდილება. როცა პოროშენკომ ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე დანიშნა თავის უშტატო მრჩევლად სააკაშვილი, რა თქმა უნდა გაითვალისწინა დიდი გამოცდილება და რეფორმების უნარი, ჯარის მოდერნიზაცია. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მისი გადაწყვეტილება არ არის საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ის არ გახდება დაბრკოლება ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებისთვის, რომლის საფუძველი მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობაა.

უკრაინის მხარემ გაითვალისწინა, რომ ვიდრე გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არის შესული, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ისევე როგორც სხვა ადამიანებზე უდანაშაულობის პრეზუმფცია ვრცელდება. ის თავისუფალი ადამიანია და მოგზაურობს ევროპის ქვეყნებში და ჩრდილოეთ ამერიკაში, ესწრება ავტორიტეტული ორგანიზაციების ღონისძიებებს, ხვდება ლიდერებს. რაც შეეხება საქართველოს შეშფოთებას, უკრაინა ყურადღებით შეისწავლის ამ საკითხს",-განაცხადა ციბენკომ.

კომენტარები
იტვირთება...