პოლონეთმა COVID19-ის მესამე ტალღის პიკი გადალახა

პოლონეთმა გადალახა კორონავირუსის ეპიდემიის მესამე ტალღის პიკი, მაგრამ მდგომარეობა საავადმყოფოებში კვლავ კრიტიკულია. ამის შესახებ ვარშავის ოჯახის ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, მიხალ სუტკოვსკიმ განაცხადა, იუწყება “პოლონური რადიო”.

“ეპიდემიის პიკი გადავლახეთ. ახალი ინფექციების რაოდენობა თანდათან მცირდება, რაც არ შეიძლება ითქვას გარდაცვლილთა რიცხვზე. გასაკვირი არ არის, რადგან ეს მაჩვენებლები ინფექციების პიკიდან რამდენიმე კვირის შემდეგ იჩენს თავს. ამრიგად, მაღალი სიკვდილიანობა კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება”, – თქვა მიხალ სუტკოვსკიმ.

ამავე დროს, ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საჭიროა ახალი ინფექციების მკაცრი კონტროლი.

პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსული ინფექციის 12,762 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 694 ადამიანი. პანდემიის დაწყებიდან პოლონეთში დადასტურებულია კორონავირუსული ინფექციის 2 მილიონ 731 ათასზე მეტი შემთხვევა, მათ შორის 64 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...