პოლონეთის სეიმმა საზღვრის დაცვის შესახებ ახალ კანონს დაუჭირა მხარი

პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სასაზღვრო რეგიონში პრესისა და გადაადგილების თავისუფლებას დროებით შეზღუდავს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

ახლა მმართველი პარტიის მიერ მომზადებული დოკუმენტი პარლამენტის ზედა პალატა, უნდა განიხილოს.

ზემოაღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ამიერიდან პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს შეეძლება, საფრთხის პირობებში, დააწესოს აკრძალვა გარკვეული სასაზღვრო ზონის მონახულებაზე ყველა პირისთვის, გარდა ადგილობრივი მოსახლეობისა.

ამ წესიდან გამონაკლისების დაშვების უფლება ექნება, განსაკუთრებით ჟურნალისტებისთვის ადგილობრივი სასაზღვრო სამსახურის მეთაურს ექნება.

ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები კი თვლიან, რომ ქვეყნის მთავრობას სურს, პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების მასობრივი ყოფნით ისარგებლოს, რათა შეზღუდოს წვდომა ინფორმაციაზე ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ.

პარალელურად, ბელარუსის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე დაბანაკებული ასობით მიგრანტი ბელარუსის ტერიტორიაზე მდებარე შენობაში გადაიყვანეს, სადაც მათ საშუალება აქვთ, კარვებში სიცივეში გატარებული დღეების შემდეგ, თბილ შენობაში დაისვენონ. მათ საკვები, წყალი, სამედიცინო დახმარება, ლეიბები და ბალიშები შესთავაზე.

მედია წერს, რომ 1000-მდე მიგრანტმა შენობაში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა, მათი ნაწილი აცხადებს, რომ სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს. მიგრანტების ნაწილმა კი საზღვართან დარჩენა გადაწყვიტა და თავშესაფარში გადასვლაზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბელარუსი სახელმწიფო ტერორიზმში დაადანაშაულა, როდესაც მიგრანტების ახალი ჯგუფები პოლონეთის საერთო საზღვრის დარღვევას ცდილობდნენ.

მიგრანტების ორმა დიდმა ჯგუფმა ღობეები გაარღვია და ბელარუსიდან პოლონეთში შეიჭრა.

ცნობისთვის, მიგრანტებთან დაძაბული სიტუაციის გამო პოლონეთმა საზღვრის გასწვრივ ჯარები საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა.

მანამდე პოლონეთის სეიმმა მიგრაციული კრიზისის ფონზე ბელარუსის სასაზღვრო რაიონებში საგანგებო მდგომარეობა 60 დღით გაახანგრძლივა. პოლონეთი ბელარუსს მის საზღვრებთან მიგრანტების ნაკადის განზრახ მოზღვავებაში ადანაშაულებს და ამის მიზეზად დესტაბილიზაციის მცდელობებს ასახელებს.

პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს. პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების აგება საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესაჩერებლად აგვისტოში დაიწყო.

კომენტარები
იტვირთება...