პოლონეთის პრეზიდენტი: ისტორია არასდროს დაგვიწყებია, მაგრამ გერმანია და პოლონეთი შერიგდნენ

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვარშავა ძალიან მალე წარუდგენს ბერლინს ანგარიშს, რომელიც ფაშისტური გერმანიის მიერ პოლონეთზე თავდასხმის შედეგად ქვეყნისთვის მიყენებულ ზარალს ეხება.

მისი თქმით, გერმანიის მხრიდან რეპარაციული გადასახადები პასუხისმგებლობისა და მორალის საკითხია.

„ომმა, რომლის შესახებაც დღეს ვსაუბრობთ, უზარმაზარი ზიანი მიაყენა პოლონეთს“, – განაცხადა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ 2017 წელს ქვეყანაში შეიქმნა საპარლამენტო კომისია რეპარაციის საკითხებში. როგორც დუდა აცხადებს, აღნიშნული კომისია თავის საბოლოო დასკვნას უახლოეს მომავალში წარადგენს.

ანჯეი დუდამ ისაუბრა იმ გამანადგურებელი შედეგების შესახებ, რაც მეორე მსოფლიო ომმა პოლონეთს მოუტანა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ მოკლულია თითქმის 6 მილიონი პოლონელი, ძალიან ბევრი ქალაქი სერიოზულად დაზიანდა, ხოლო პოლონეთის დედაქალაქი კი საერთოდ განადგურებული იყო. მიუხედავად ამისა, პოლონეთის ლიდერი აცხადებს, რომ დღეს გერმანიასა და პოლონეთს კარგი ურთიერთობა აქვს.

„ჩვენ ისტორია არასდროს დაგვიწყებია, მაგრამ გერმანია და პოლონეთი შერიგდნენ“, – აცხადებს ანჯეი დუდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...