პოლონეთის პრემიერი: ლუკაშენკო და პუტინი მიგრაციულ კრიზისს ქმნიან

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი თვლის, რომ ევროკავშირის საზღვრებზე მიგრაციის ხელოვნური კრიზისის შექმნაში ბელარუსი და რუსეთო ერთობლივად მოქმედებენ და მათი მიზანი, სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ ახალი თავდასხმის მომზადებისგან ყურადღების გადატანა იყოს. ამის შესახებ მან Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან ლუკაშენკოს წინააღმდეგ მკაცრი პოზიციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მარშრუტით ევროპისკენ, შესაძლოა, მილიონობით მიგრანტი დაიძრას.

კითხვაზე, ხომ არ შიშობს ის, რომ სიტუაცია, შესაძლოა, სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა, მორავეცკიმ უპასუხა: “გამორიცხული არაფერია”.

“ჩვენ ვერაფერს გამოვრიცხავთ. ლუკაშენკო და პუტინი დასავლეთის დესტაბილიზაციის სტრატეგიის მიზანს აშკარად ახორციელებენ. ჩვენ არ ვიცით, კიდევ რას გეგმავენ. შესაძლოა, კრიზისი საზღვარზე შეიქმნა შეიარაღებული აგრესიისგან ყურადღების გადასატანად, რომელსაც პუტინი უკრაინის წინააღმდეგ გეგმავს“, – განაცხადა პრემიერმა.

მორავეცკიმ იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ზეწოლა კვლავ იმუშავებს და სიტუაცია მხოლოდ იმ 20 000 მიგრანტით შემოიფარგლება, რომლებმაც ბელარუსში მოხვედრა უკვე მოასწრეს.

“თუ მათი ჩამოსვლის პროცესი შეჩერდება, ევროკავშირს ამ ადამიანების სამშობლოში დაბრუნების დახმარება შეუძლია”, – აღნიშნა მან.

მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბელარუსი სახელმწიფო ტერორიზმში დაადანაშაულა, როდესაც მიგრანტების ახალი ჯგუფები პოლონეთის საერთო საზღვრის დარღვევას ცდილობდნენ.

მიგრანტების ორმა დიდმა ჯგუფმა ღობეები გაარღვია და ბელარუსიდან პოლონეთში შეიჭრა.

ცნობისთვის, მიგრანტებთან დაძაბული სიტუაციის გამო პოლონეთმა საზღვრის გასწვრივ ჯარები საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა.

მანამდე პოლონეთის სეიმმა მიგრაციული კრიზისის ფონზე ბელარუსის სასაზღვრო რაიონებში საგანგებო მდგომარეობა 60 დღით გაახანგრძლივა. პოლონეთი ბელარუსს მის საზღვრებთან მიგრანტების ნაკადის განზრახ მოზღვავებაში ადანაშაულებს და ამის მიზეზად დესტაბილიზაციის მცდელობებს ასახელებს.

პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს. პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების აგება საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესაჩერებლად აგვისტოში დაიწყო.

კომენტარები
იტვირთება...