პოლიციამ მანჩესტერში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

ბრიტანეთის პოლიციამ დაადასტურა, რომ 1 იანვარს მანჩესტერში, ვიქტორია სადგურთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლით მიმდინარეობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

“პრესა ფართოდ განიხილავს იმას, თუ რა  განაცხადა თავდამსხმელმა ინციდენტის დროს, ამიტომ ჩვენ გვინდა არსებული სიტუაცია განვმარტოთ. ინციდენტს ტერორისტულ აქტად განვიხილავთ”, – განაცხადა მანჩესტერის პოლიციის უფროსის თანაშემწემ რობ პოტსმა.

მან დასძინა, რომ პოლიციის თანამშრომლები  თავდასხმის სხვა მოტივებსაც არ გამორიცხავენ. მისი თქმით, პოლიცია კვლავ ცდილობს დაადგინოს, არის თუ არა ეჭვმიტანილი ბრიტანეთის მოქალაქე. ერთ-ერთი ვერსით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი – მოხუცი წყვილი და პოლიციელი – დაიჭრა. პოლიციამ მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი 25 წლის მამაკაცი დააკავა. ის ამჟამად პატიმრობაშია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...