პოლიციამ 2020 წლის დეკემბერში თბილისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე ძებნილი ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის
პოლიციის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2020 წლის დეკემბერში თბილისში მომხდარ
დაჭრის ფაქტზე ძებნილი ორი პირი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში
დააკავეს.

1978  წელს დაბადებულ, წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევ ა.დ.-ს
განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  1978 წელს დაბადებულ გ.ღ.-ს კი
ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში, რაც 3-დან
7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით
ამოიღეს 2 პისტოლეტი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ა.დ.-მ 2020 წლის 29 დეკემბერს,
თბილისში, სოფელ დიღმის ახლოს მდებარე სასაფლაოზე, 1988 წელს დაბადებულ,
წარსულში ნასამართლევ და იმ დროისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ თ.ჩ.-ს,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე
ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან, ბრალდებულ
გ.ღ.-სთან ერთად, მისივე ავტომობილით მიიმალა.
ა.დ.-სა და გ.ღ.-ს 2021 წლის 15 იანვარს დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება
და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ამავე დღეს გამოტანილ
იქნა დადგენილება მათ მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, 236-ე
მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით
მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად